აორთქლებული H2SO4–ს ტრაგიკული საქმე

ეს ისტორია მამხილებელი კი არა, ტრაგიკული უფროა. მამხილებელი ვერც იქნება – ორიოდ, მავანთათვის გასაგები მიზეზის გამო.

როგორც ქართული წესი და რიგია, ხშირად არც თუ ბუნებრივი პირობით ნაკარნახევი, ფილიპო მარინეტის ფუტურისტულ ქუხილს თბილისში გვიანი ექო ჰქონდა – პარიზულ ჟურნალ “ფიგაროს“ ფურცლებზე 1909 წლის 20 თებერვალს გამოქვეყნებულ “სასიკვდილო ნახტომს“ ქართველები 1922 წლის 23 აპრილს გამოეხმაურნენ და კონსერვატორიის შენობაში პირველი ფუტურისტული საღამოც გაიმართა – გამოსცეს ჩვენებური მანიფესტიც – “საქართველო–ფენიქსი” – იტალიელი და რუსი კოლეგების ტექსტების ერთგვარი კომპილაცია, თუმცა ჩრდილოელი ლეფელების (სალიტერატურო სკოლა მაიაკოვსკის მეთაურობით) გავლენა უფრო მეტი გახლდათ. ხელმომწერი ავტორები არავის ჩამორჩნენ და მთელ წარსულს განადგურებით დაემუქრნენ, იქვე ქართულ ეროვნული მესიანიზმზე ერთი-ორი სიტყვა მიაქს–მოაქსოვეს (ესეც მსოფლიო თვითდამკვიდრების სურვილით), იმდროინდელი მსმენელ–მკითხველისთვის რამდენიმე ძალიან უცხო ტერმინიც წამოიძახეს, დაიხურეს ქუდი (ალბათ საგანგებოდ უკუღმა) და წავიდნენ.
საერთოდ არა, მეორე დღეს ისევ შეიკრიბნენ.

ისევ მუქარა, არა მარტო “დასახიჩრებულ ბებერებს”, არამედ მათ თანამედროვე “ცისფერყანწელებსაც”. მუქარა, ქადილი და ხმაური. როგორც თვითონვე ამბობდნენ: “ცამდი აღწევდა ალი”.

მათი ყველაზე ცნობილი გამოცემა “H2SO4”–ია (1924 წელი), 1924–25 წლებში ალმანახ “ლიტერატურა და სხვას” უშვებდნენ, 1925–26 ში გაზეთ “ლიტერატურა და სხვას”, იმავე პერიოდში “მემარცხენეობას”. ბეჭდავდნენ ლექსებს, ესკიზებს – ძირითადად ზაუმური ენით ან მასთან მიმსაგავსებულით.
მკითხველისთვის უინტერესო არ იქნება, თუ ამ ორდენის წევრთა არასრულ სიას მაინც შევახსნებეთ: ნიკოლოზ თავდგირიძე, აკაკი ბელიაშვილი, დავით გაჩეჩილაძე, ბესარიონ ჟღენტი, სიმონ ჩიქოვანი, გრიგოლ ორაგველიძე, პოლ ნოზაძე, ალექსანდრე გაბესკირია, მზია ერისთავი, ნიკოლოზ შენგელაია, ჟანგო ღოღობერიძე, შალვა ალხაზიშვილი, ნიკოლოზ ჩაჩავა. 

ალბათ რამდენიმე სახელი და გვარი გეცნოთ, ზოგიერთი მათგანი, ვინც ვერ მოიგონეთ, მანიაკალურ დეპრესიას ემსხვერპლა, ზოგი სოფელში გადასახლდა, ერთი ქარხანაში მოეწყო მუშად. ეს მას მერე, რაც საბჭოთა წყობილებამ ყოველგვარი შემოქმედებითი ორგანიზაციის დამოუკიდებლად არსებობა აკრძალა და ყველას მწერალთა კავშირში ან “სურვილისამებრ” ციმბირის მატარებელში უკრა თავი.

კი ნატრულობდნენ რევოლუციას, მაგრამ მათთვის ეგზომ სასურველი “თავისუფლების ტაბლის” ფეხისმკვრელი თუ იქნებოდა, ალბათ არ ეგონათ.
ნაწილი ისევ ხელოვნებას ემსახურებოდა.

ნიკოლოზ შენგელაია კოტე მარჯანიშვილმა ქუჩაში ლექსების კითხვისას შეამჩნია, ორატორული ნიჭი მოუწონა და თეატრში გაიყოლა. ოდესღაც პოეტმა მერე კონემატოგრაფს მიმართა და ბევრის აზრით გენიალური “ელისო” გადაიღო. მოღვაწეობის მანძილზე რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეც გახდა და სსრკ პრემიის ლაურეატიც.

ნიკოლოზ ჩაჩავა – ქართული პერფორმანსის პიონერი, კაცი რომელიც ელქტროგადაცემის ბოძებზე ადიოდა და იქიდან გაჰკიოდა ლექსებს, ჰალსტუხის ნაცვლად ბოლოკი ეკეთა და პაოლო იაშვილს ერთხელ მოულოდნელად ლაყე კვერცხებიც დაუშინა, ვინაც დაწერა ალბათ იშვიათი ლექსი ქართული ფუტურისტული წარსულიდან, ლიტერატურის ისტორიას ასე თუ ისე რომ შემორჩა – “შანდი და შროშანა” – წლების მერე საოცრად მორცხვად საუბრობდა საკუთარ “ავანგარდულ წარსულზე”, საშუალო დონის საბავშვო ლექსებს წერდა, გამოსცა წიგნი “ვითამაშოთ ერთად” და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიაც დაიმსახურა.

შალვა ალხაზიშვილმა ასევე წყნარად, ეპატაჟ–გაძარცვულმა განაგრძო მოღვაწეობა ე.წ ლიტ–მუშაკად, კინო-დრამატურგიასაც მიმართა – რახანაც საკნები ჯერაც კი აქტუალურია, გავიხსენოთ მისი სცენარი “საკანი 79”. ავტობიოგრაფიაში ისიც ვერ გაექცა საყოველთაო კონიუქტურას და ხაზგასმით აღნიშნა ფრაზა, რომელიც ფუტურისტულ ეპოქაში დაწერილი ტექსტებიდან ვითომდა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო: “ახალი ხანა – ლენინიადა, პლანეტა ხდება ლენინის, კოსმიურ სივრცეს გაანათებს ალი კომინტერნის”...

ბესარიონ ჟღენტი, ზემოთხსენებული მანიფესტის ავტორთაგანი, სოციალისტური რეალიზმის მადიდებელი კრიტიკოსთ–კრიტიკოსი და უპირველესი ცენზორი გახდა. საკმაოდ დიდხანს ცეკასთან უაღრესად დაახლოვებული ბესარიონი ლამის მარტო განსაზღვრავდა ქართული ლიტერატურის თამაშის წესებს და ეს თავის დროზე ფუტურისტი კაცი იმდენად უკირკიტიკებდა ყველას, რომ ერთხელ კ. გამსხურდიამაც კი ვეღარ მოითმინა და მიაძახა: “შენ ჟღენტი ხარ თუ ჟვინტი ხარო!” ბასარიონ ჟღენტი შრომის წითელი ორდენის კავალერია.

აკაკი ბელიაშვილი ბიბლიოფილებს ალბათ მეორე მსოფლიო ომზე დაწერილი რომან “უღელტეხილით” ან ბიოგრაფიული ტექსტებით ახსოვთ. შეიძლება ვინმე თავდადებულს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაზე დაწერილი “ვეფხია ხალიბაურიც” წაგიკითხავთ. თუ კი, მაშინ იოლად დაეთანხმებით საბჭოთა პრესას, რომელიც წერდა: “პროზაიკოსმა 30-იანი წლებიდან ხელი აიღო ფორმალისტურ ძიებებზე”.

სიმონ ჩიქოვანი, ყველაზე ცნობილი სახელი “H2SO4”–დან, მალევე შეეშვა საკუთარ “ორკესტრულ ლექსალობას”, “აიდა–ბაიდებს” და “მეკამეჩეების ურმულს”. მუშაობდა რედაქტორად, მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ, წერდა ოსტატურ, მაგრამ ზაუმისგან სრულიად დაცლილ ლექსებს და პოემებს, ძირითადად ისტორიულ პერსონაჟებზე და რაელიებზე, ერთი სიტყვით არაფრით გავდა კაცს, რომელიც ამბობს: “უარვყოფთ წარსულს, რადგან იგი არის სამლოცველო ბებრების და მომაკვადების”.

ასეთი ტრაგი-პარადქოსული ყოფის ნიმუშებითაა სავსე ქართული ფუტურსიტების (სხვა ისტების თუ არა ისტებისაც) ბიოგრაფია – ნუ შეადარებთ მათ მეტამორფოზას ოკეანეგაღმელ ბიტნიკ–ჰიპსტერების დახეული ჯინსებიდან მოულოდნელად დაძრობილ ჰალსტუხებს და შეკრეჭილ თმა–წვერს. როგორც ერთ ნელ–თბილ ფილმში ბრედ პიტის პერსონაჟი დაჟინებით იმეორებს – ეს არაა ამერიკული ისტორია.

აქ ყველაფერი ქართულია, ან გნებავთ – ქართული საბჭოთა.

კომენტარები