ობოლი პლანეტები

პლანეტური სისტემების აღმოჩენის შემდეგ (რაზეც საუბარი იყო ტაბულას გასული წლის ნომრებში), მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ვარსკვლავთშორის სივრცეში უნდა ყოფილიყვნენ თავისუფლად მოძრავი, უმზეო პლანეტები. ეს ვარაუდი ახლახან დადასტურდა: ასტრონომებმა აღმოაჩინეს გალაქტიკაში დედამიწიდან 10 000-20 000 სინათლის წლის მანძილზე მოხეტიალე მარტოხელა ცთომილები. 
უმზეო პლანეტის გამოსახულების მიღება, ყველაზე დიდ ტელესკოპშიც კი შეუძლებელია, რადგანაც ის თვითონ არ ასხივებს ხილულ სინათლეს და, ამავე დროს, ძალზე შორს იმყოფება უახლოესი ვარსკვლავიდან. ამიტომაც ასეთი ციური სხეულების აღმოჩენა ხდება არაპირდაპირ, ირიბი მეთოდით – ე.წ. მიკროლინზირების ეფექტის საშუალებით. 

გრავიტაციული ლინზირების შესახებ ტაბულას ერთ-ერთ წინა ნომერში მოგითხრეთ. აინშტაინის ფარდობითობის თეორიის თანახმად, სინათლის სხივი გრავიტაციულ ველში გადაიხრება. თუ სინათლის წყაროსა და დამკვირვებელს შორის რაიმე მასა იმყოფება, წყაროდან წამოსული, სწორ ხაზზე მოძრავი სინათლის სხივი ამ სხეულის მახლობლად ოდნავ იცვლის მიმართულებას – დაახლოებით ისე, როგორც ეს ოპტიკურ ლინზაში ხდება, და ისევე, როგორც ჩვეულებრივი გამადიდებელი შუშა ადიდებს ნივთებს, აქაც სინათლის წყაროს (ამ შემთხვევაში ვარსკვლავის) სიკაშკაშე მატულობს. ამ მოვლენას ჰქვია მიკროლინზირება. დამკვირვებელსა და ვარსკვლავს შორის მყოფი მასა ლინზის როლს ასრულებს. ეს ეფექტი ძალზე მცირეა – ვარსკვლავის სიკაშკაშე სულ ოდნავ იმატებს, მაგრამ თანამედროვე ხელსაწყოებს უკვე შეუძლიათ მისი დეტექტირება.

წარმოიდგინეთ, რომ ტელესკოპით ვაკვირდებით რაიმე ვარსკვლავს. უცებ მისმა სიკაშკაშემ ოდნავ მოიმატა, ცოტა ხნის (რამდენიმე დღის) შემდეგ კი კვლავ პირვანდელი ნათება დაუბრუნდა. ბევრი ვარსკვლავი იცვლის სიკაშკაშეს – მათ ცვალებადი ვარსკვლავები ჰქვია. ამ ცვლილებების მიზეზი სხვადასხვაა: ზოგი თავისი ფიზიკური თვისებების გამო ხან იბერება და კაშკაშა ხდება, ხან კი იკუმშება და მკრთალდება; ზოგი ორმაგი ვარსკვლავია – ერთი მეორის გარშემო ბრუნავს და უფრო მკრთალი ვარსკვლავი აბნელებს უფრო კაშკაშას; ზოგს პლანეტური სისტემა აქვს და პლანეტები ასევე პერიოდულად აბნელებენ თავიანთ მზეს. ასეთ შემთხვევებში ცვალებადობა პერიოდულ ხასიათს ატარებს, ანუ მეორდება. მაგრამ თუკი ეს ცვლილება განმეორებადი არ არის, არამედ ერთჯერადია და თანაც გარკვეულ ხასიათს ატარებს, მაშინ შესაძლოა, რომ ჩვენსა და ამ ვარსკვლავს შორის რაღაც უხილავმა მასამ გაიარა. სიკაშკაშის ცვლილების სიდიდის და ხასიათის მიხედვით შეგვიძლია მიახლოებით განვსაზღვროთ ამ სხეულის მასა და მისი დაშორება ვარსკვლავიდან. რაც უფრო დიდია მიკროლინზის მასა და რაც უფრო ახლოა ის ვარსკვლავთან, მით უფრო კაშკაშა ხდება ის.  

 2006-07 წლებში ორი სამეცნიერო გუნდი, ახალ ზელანდიასა და ჩილეში არსებული ტელესკოპებით, სკრუპულოზურად აკვირდებოდა ვარსკვლავებს. მათი მიზანი მიკროლინზირების ეფექტის დეტექტირება გახლდათ. ამ მცირე ხნის განმავლობაში მათ 50 მილიონი ვარსკვლავი შეისწავლეს. ტელესკოპებზე მიერთებული იყო მიმღები ხელსაწყოები, რომლებიც თითოეული ვარსკვლავის სიკაშკაშეს, ყოველ საათში ერთხელ ზომავდნენ. დაგროვდა კოლოსალური რაოდენობის ინფორმაცია, რომლის დამუშავებას თითქმის 5 წელი დასჭირდა. საბოლოოდ მათ დაადგინეს, რომ გრავიტაციული მიკროლინზირების გამო 474 ვარსკვლავის სიკაშკაშე შეიცვალა. ამ მოვლენის დეტექტირება იმიტომაცაა ძნელი, რომ ის შემთხვევითია: მოხეტიალე პლანეტა შემთხვევით უნდა აღმოჩნდეს ვარსკვლავსა და ჩვენ შორის. ამ მოვლენას – სამი სხეულის ერთ ხაზზე განლაგებას – ასტრონომიაში სიზიგია ეწოდება. 

სტატისტიკურმა გათვლებმა აჩვენა, რომ ვარსკვლავთშორის სივრცეში უამრავი მარტოხელა პლანეტა არსებობს. ის, რაც აქამდე აღმოაჩინეს, მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია. ნაპოვნი სხეულების მასა დაახლოებით იუპიტერის და სატურნის მასის ტოლია. უფრო მცირე ცთომილების პოვნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამავე დროს, ისინი ე.წ. ყავისფერ ჯუჯებზე – ვერშემდგარ ვარსკვლავებზე – უფრო მცირენი არიან.

ეს ეული პლანეტები, როგორც ფიქრობენ, ვარსკვლავთშორის სივრცეში რომელიღაც სისტემებიდან გამოტყორცნის შედეგად აღმოჩნდნენ. სხვა ციურ სხეულებთან დაახლოებისას მათ შეიძინეს მაღალი იმპულსი და დიდი სიჩქარით დატოვეს თავიანთი ვარსკვლავური სისტემები. რაც უფრო მცირეა პლანეტის მასა, მით უფრო დიდია მისი სისტემიდან გამოვარდნის შანსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ გალაქტიკურ პილიგრიმებს შორის მცირე მასის პლანეტები ბევრად მეტი უნდა იყოს, ვიდრე გიგანტური ცთომილები. 

ზოგი მეცნიერის ვარაუდით, მარტოხელა პლანეტების რაოდენობა ორჯერ აღემატება თვით ვარსკვლავების რაოდენობას ჩვენს გალაქტიკაში (დაახლოებით 300 მილიარდი). ისინი, ყავისფერ ჯუჯებთან ერთად, ფარული მასის კანდიდატადაც განიხილებოდა. თუმცა გათვლებმა აჩვენა, რომ მათი რაოდენობა ბევრად ნაკლებია ფარულ მასაზე. 

ეს ობოლი პლანეტები უაღრესად ცივია, რადგანაც მათ მზე არ ანათებთ. მათზე სიცოცხლის არსებობა, ისეთის, როგორიც ჩვენთვის
ცნობილია, შეუძლებელია. თუმცა არაა გამორიცხული, რომ რაღაც ცოცხალი ორგანიზმები, თუკი ისინი ოდესმე მათზე არსებობდა, გაყინულ, ჰიბერნაციულ მდგომარეობაში იყოს.

მარტოხელა პლანეტები ჩვენი გალაქტიკის ცენტრის გარშემო ორბიტებზე მოძრაობენ. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ მოგზაურობისას ზოგიერთი ობოლი პლანეტა შემთხვევით მოექცეს რომელიმე ვარსკვლავის გრავიტაციის ველში და ამ ვარსკვლავმა „იშვილოს” და გახდეს მისი, ასე ვთქვათ, მზენაცვალი. თუკი ასეთ პლანეტას აღმოაჩნდა ჰიბერნაციულ მდგომარეობაში მყოფი ცოცხალი ორგანიზმი, შესაძლოა, იქ სიცოცხლე თავიდან დაიწყოს. 

კომენტარები