და ამიტომ

2004 წლის მაისი, მოსკოვი. მირეკავს ერთი ჩემი ნაცნობი და მეუბნება - მოსკოველი ბიზნესმენები საქართველოში მივდივართ და შენც უნდა წამოხვიდეო. დიდხანს ვიუარე, მაგრამ დამითანხმა. ჩამოვედი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჟვანიასთან ოთხსაათიანი საუბრის შემდეგ მან შემომთავაზა გავმხდარიყავი ეკონომიკის მინისტრი. სადღაც 10 წამი ფიქრის მერე დავთანხმდი. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი.

რაზე ვფიქრობდი ის 10 წამი? რუსეთში აქტიურ ბიზნესსაქმიანობას მორჩენილი ვიყავი, ასე რომ, ამაზე არ მიფიქრია. ვფიქრობდი თბილისზე, რომელიც მაშინ უსიამოვნოდ გამოიყურებოდა - მტვრიანი ქალაქი ოღროჩოღრო ქუჩებით, ლურჯკარტონაფარებული ლტოლვილებიანი ივერიის შენობით; ვფიქრობდი მინისტრებზე, რომლებიც ვნახე და რომლებმაც განმაცვიფრეს არასაბჭოთა აზროვნებით; ვფიქრობდი, როგორი კარგი და ლამაზი შეიძლება იყოს საქართველო, ვფიქრობდი რა უნდა გააკეთოს ეკონომიკის მინისტრმა. ვფიქრობდი, რომ ამაზე მნიშვნელოვან საქმეს ვერ გავაკეთებ ვეღარასოდეს, თუ ახლა არ დავთანხმდი ამ შემოთავაზებას.

მას შემდეგ გავიდა 6 წელი. რაღაცის გაკეთება მოვახერხე, რაღაცის - ვერა. რაღაც შემეშალა, რაღაც სხვებს შეეშალათ. რაც გაკეთდა ქვეყანაში, ზოგი რამ მომწონს, ზოგი რამ - არა.

მე მომწონს
• სინათლე
• გზები
• პოლიცია
• პასპორტი სწრაფად რომ ავიღე
• ეკონომიკა რომ გაიზარდა 40%-ით
• განათლების რეფორმა
• საკონტრაქტო ჯარზე გადასვლა
რომ დავიწყეთ
• ახალი აეროპორტი

მე არ მომწონს
• ბიუროკრატია
• ფულის უაზრო ხარჯვა
• წმინდა გიორგი თავისუფლების მოედანზე
• პოლიეთილენის პარკები ხეებზე
• სკოლებში განათლების დონე
• სულსწრაფობა და მოუთმენლობა
• ზოგიერთი მინისტრი
• შადრევნები
• განათლების რეფორმის ზოგი ნაწილი
• საავადმყოფოები
• ქართული გაზეთები
• ტელევიზიების ახალი ამბები
• სადაზღვევო კომპანიები
• გზისპირა ტუალეტების არარსებობა
• მაღალი უმუშევრობა
• ჯერ კიდევ რომ გვაქვს გაწვევა ჯარში
• ახალი აეროპორტის სახურავი
• დეზერტირების ბაზარი რომ აღარ არის
• ლარიზაცია
• ბიუჯეტის დეფიციტი

მომწონს არმომწონზე ცოტაა. ამის გამო ოპოზიციაში უნდა წავიდე, ექვს მაისს პოლიციას ქვები დავუშინო? ჩვენი მტრები გავახარო? ებრალიძეს დავუძმაკაცდე? ხუბუტიასთან ვიქეიფო? გულაშვილს შევუერთდე?
 

კომენტარები