კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

კორონავირუსის ახალი შტამის გამო დიდ ბრიტანეთში შეზღუდვები მკაცრდება

NBC

დიდი ბრიტანეთში, ინგლისის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ლონდონში, 20 დეკემბრიდან ე.წ კოვიდ-განგაშის ახალი, მეოთხე დონის სისტემა Tier Four ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც გამკაცრდება პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ისაუბრა.

შეზღუდვების მეოთხე დონის ამოქმედების შემდეგ იკრძალება რეგიონის დატოვება ან მასში შესვლა. მოქალაქეებს ეკრძალებათ სახლის დატოვება განსაკუთრებული საჭიროების გარეშე. ადამიანებს, რომლებიც ერთად არ ცხოვრობენ, შეხვედრის უფლება მხოლოდ ღია ცის ქვეშ აქვთ. მუშაობას აგრძელებს მხოლოდ პირველადი დანიშნულების მაღაზიები და აფთიაქები. გარდა ამისა, საშობაოდ დაგეგმილი შეზღუდვების შემსუბუქება გაუქმდა.

ახალი შეზღუდვები ძალაში, სულ მცირე, ორი კვირა იქნება და მათი შემოღება დაკავშირებულია კორონავირუსის ახალ შტამთან, რომელიც, როგორც ბორის ჯონსმა თქვა, 70%-ით უფრო გადამდებია. ლონდონში ინფიცირების შემთხვევების 60%-ში ვირუსის ახალი შტამი გამოვლინდა.

20 დეკემბრიდან შეზღუდვების მეოთხე დონე ძალაში შევა უელსში, 26 დეკემბრიდან - შოტლანდიაში. გარდა ამასა შობის პერიოდში შეიზღუდება შოტლანდიის დატოვება და რეგიონში დაბრუნება.

კორონავირუსის გავრცელების პარალელურად დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც მოსახლეობის კორონავირუსზე აცრა დაიწყო. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით, რომელიც 95%-ით ეფექტიანია, ვაქცინაციის პროცესი დიდი ბრიტანეთში 8 დეკემბერს დაიწყო.

პანდემიის დაწყებდან დღემდე დიდი ბრიტანეთში კორონავირუსის 2 004 219 შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა 67 075 ადამიანი.

კომენტარები