კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: სამინისტროს რეკომენდაცია დარჩება მკაცრი შეზღუდვები, თუმცა ბალანსი უნდა დავიცვათ

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სამინისტროს რეკომენდაცია კვლავ დარჩება მკაცრი შეზღუდვები, თუმცა მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის დაცვა. 

მისივე თქმით, მთავრობას 2 დღე აქვს იმისთვის თუ რა სახის შეზღუდვები იქნება ქვეყანაში შენარჩუნებული. 

"ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია კვლავ დარჩება მკაცრი შეზღუდვები, თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს მოქალაქეებს, გარდა ეკონომიკური საქმიანობისა, ასევე ხშირად უჩნდებათ მენტალური პრობლემები იმაზე, რომ არის ძალიან მკაცრი შეზღუდვები... მნიშვნელოვანია იმ სწორი ბალანსის დაცვა, როდესაც ზიანი არ მიადგება, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას ინფექციის გავრცელების კუთხით, ასევე ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობას და რა თქმა უნდა, ეკონომიკური საქმიანობის გადახედვაც უნდა მოხდეს და შესაძლო რისკების დადგომის შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის გვაქვს იმის ბეკეტი, რომ მივუბრუნდეთ ყველაზე მკაცრს შეზღუდვებს".- ამბობს ტიკარაძე. 

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 53 პაციენტი. დადასტურდა ინფიცირების 2 904 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 314 ადამიანი. 

19 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 206 907 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 175 842 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 055 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

კომენტარები