საგარეო ვალი

თურნავა: საგარეო ვალი შეღავათიანი პირობებით ავიღეთ, გადახდისუნარიანობას არაფერი ემუქრება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ქვეყანამ საგარეო ვალი "ძალიან შეღავათიანი" პირობებით აიღო და მის გადახდისუნარიანობას არაფერი ემუქრება. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

თურნავას მოლოდინით, მომავალ წელს, ეკონომიკის, სულ მცირე, 4.3%-იანი ზრდაა ნავარაუდები. მისივე ცნობით, 2020-2021 წლის ანტიკრიზისული პროგრამა, მინიმუმ, მილიარდ-ნახევარ ლარს ითვალისწინებს.

"საგარეო ვალი ძალიან შეღავათიანი პირობებით ავიღეთ, სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა პანდემიისგან გამოწვეული დარტყმა, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესებისთვის. თუკი რამე არსებობს დედამიწის ზურგზე, რის გამოც მთავრობებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საგარეო ვალის ზრდის შესახებ, ასეთი გამოწვევებია. პანდემია, შესაძლოა, საუკუნეში ერთხელ მოხდეს და ესაა ის შემთხვევა, როდესაც სახელმწიფომ და მთავრობამ უნდა შეძლოს და შევძელით კიდეც დროულად გარე დახმარებების მობილიზება.

[საგარეო ვალი] ძალიან გამჭირვალედ, ფართო კომუნიკაციით ხდება თითოეული ლარის განკარგვა ბიუჯეტიდან. ამ თანხის უმეტესი ნაწილი მოსახლეობის დახმარებაზე წავიდა, ბიზნესების და მცირე ბიზნესების დასახმარებლად და, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სექტორის გასაძლიერებლად.მთლიანად ანტიკრიზისული პროგრამის წონა 2020-2021, ესაა მილიარდ-ნახევარი ლარი, სულ მცირე, ამას ემატება ჯანდაცვის სექტორის ღონისძიებები და კიდევაა ინდუსტრიები, რომლებიც ელოდებიან ჩვენგან დახმარებას... გადახდისუნარიანობას არაფერი ემუქრება, მომავალი წლიდან ვიწყებთ ეკონომიკის გაჯანსაღებას, სულ მცირე, 4.3% ზრდაა ნავარაუდები მომავალ წელს". – ამბობს ნათია თურნავა.

1-ელ დეკემბერს მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით მომდევნო წელს ქვეყნის ბიუჯეტი რეკორდულ 18.4 მილიარდ ლარს გაუტოლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა მნიშვნელოვნად ზრდის ხარჯვას. 

გაზრდილი სახელმწიფო ხარჯების დაფინანსების მთავარი წყარო კი ახალი საგარეო ვალი იქნება. მომდევნო წელს მთავრობა კიდევ 5.2 მილიარდ ლარს ისესხებს. როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, 2021 წელს საქართველოს მთავრობამ შიდა ვალის აღებას არ გეგმავს. საგარეო ვალთან შედარებით, შიდა ვალი, როგორც წესი, უფრო ძვირია ხოლმე, მიმდინარე წელს მთავრობამ შიდა ვალის სახით 1.8 მილიარდი ლარი აიღო. 

ამგვარად, 2021 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალის მოცულობა ჯამურად 33.6 მილიარდ ლარს გაუტოლდება და ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრულ 60%-იან ნიშნულს გადააჭარბებს. 

მოცემული 33.6 მილიარდი ლარიდან 27.7 მილიარდი ლარი საგარეო ვალი, ხოლო საშინაო ვალი კი თითქმის 6 მილიარდი ლარი იქნება. 

კომენტარები