ქართული ოცნება

"არავითარი გეგმა არ არსებობს" - კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ თავის კანდიდატურას უარყოფს

"არავითარი გეგმა არ არსებობს" - ასე პასუხობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, უახლოეს მომავალში ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომას აპირებს, ხოლო პარტიის თავმჯდომარედ ან პრემიერად ირაკლი კობახიძეს განიხილავს.

"არავითარი ყრილობა არ არის დაგეგმილი. როგორც ვიცი, ევროპული საქართველოს ტელევიზია ფორმულამ გაავრცელა ეს ინფორმაცია. ალბათ, უნდათ, მაგალითად, ვაშაძის გადადგომის გადაფარვა ან იმ მძიმე პროცესების გადაფარვა, რაც მათ პარტიებში წარიმართება. მათ სპეკულაციებზე ჩვენ დიდად არ ვაკეთებთ ხოლმე კომენტარს და ამ შემთხვევაშიც მოვერიდებით". - ამბობს კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში.

დღის კურიერის წამყვანის რეპლიკაზე, რომ ამ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის "ჩამნაცვლებლად" სწორედ ირაკლი კობახიძე განიხილება, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი პასუხობს - "ესეც იგივეა, ერთიანად შეგვიძლია ეს ინფორმაცია განვიხილოთ, არავითარი ყრილობა დაგეგმილი არ არის".

კითხვაზე, ანუ გადათამაშებას გამორიცხავთ?, ირაკლი კობახიძე პასუხობს: "უკვე გითხარით, რომ არავითარი გეგმა არ არსებობს".

ტაბულას წყაროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომასა და თავის ნაცვლად ირაკლი კობახიძის დანიშვნას განიხილავს. იმავე წყაროების ცნობით, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება პრემიერმინისტრის თანამდებობაზეც.

ბიძინა ივანიშვილი პარტიულ პოლიტიკაში ოფიციალურად 2018 წლის აპრილში დაბრუნდა - ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობაზე. 2012 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ მან პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განაცხადა. მიუხედავად ამისა, ივანიშვილი თითქმის ყველა არჩევნების წინ საჯაროდ უჭერდა მხარს ქართულ ოცნებას, ხოლო 2016 წელს ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში და რეგიონებში შეხვედრებს მართავდა. 

კომენტარები