COVID 19

შვედეთის მეფე: შვედეთის კორონავირუსის მართვის სტრატეგიამ მარცხი განიცადა

შვედეთის მეფემ, კარლ XVI-მ განაცხადა, რომ 2020 საშინელი წელი იყო და კორონავირუსის მართვის შვედურმა სტრატეგიამ მარცხი იწვნია. 

"ვფიქრობ, მარცხი განვიცადეთ. ბევრი გარდაცვლილი გვყავს და ეს საშინელებაა. ხალხი ურთულეს მდგომარეობაშია, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, გამოეთხოვონ გარდაცვლილ ოჯახის წევრებს. ეს მძიმე და ტრავმული გამოცდილებაა, არ გქონდეს შესაძლებლობა, დაემშვიდობო."- განაცხადა მან ყოველწლიურ სატელევიზიო გადაცემაში, რომელშიც გასული წლის მოვლენებს მიმოიხილავენ. 

მისი თქმით, შვედეთმა ვერ შეძლო, დაეცვა მოხუცებულთა პანსიონატებში მცხოვრები ასაკოვანი მოქალააქეები პანდემიის ეფექტებისგან. მისი კომენტარი შეეხებოდა დამოუკიდებელი კომისიის დასკვნას, რომელმაც შვედეთის პანდემიასთან გამკლავების სტრატეგია შეისწავლა და გამოავლინა, რომ შვედეთში მოხუცებზე ზრუნვაში მნიშვნელოვანი სტრუქტურული პრობლემებია და სისტემა მოუმზადებელი შეხვდა პანდემიას. შვედეთში Covid-თან დაკავშირებული სიკვდილიანობის 90% 70 წელს გადაცილებულებზე მოდის. გარდაცვალების შემთხვევათა ნახევარზე მეტი მოხუცთა პანსიონატში იყო.

შვედეთს პანდემიასთან ბრძოლის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული სტრატეგია ჰქონდა. მან უარი თქვა ჩაკეტვასა და აკრძალვების დაწესებაზე და მოქალაქეების სამოქალაქო პასუხისმგებლობას დაეყრდნო.

ამ დროისთვის, შემთხვევათა რაოდენობა შვედეთში 341 000-ს აღემატება და ყოველდღიურად ინფიცირების ათასობით ახალი შემთვევა ვლინდება, რამაც რეკორდულ დღიურ მაჩვენებელს, 8397-ს, გასულ კვირას მიაღწია. შვედეთს ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა შვედეთში უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენ ნორდიკულ ქვეყებში ერთად, რაც მეზობელი ქვეყნების მიერ შვედეთის კრიტიკის საფუძველი გახდა. ვირუსი სწრაფად გავრცელდა ჯანდაცვის სექტორში, რამაც აიძულა მთავრობა უფრო მეტი შეზღუდვა დაეწესებინა, მათ შორის ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვა საღამოს 10 საათიდან ბარებში და რესტორნებში, ასევე აკრძალა 8 ადამიანზე მეტის შეკრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. 16 წლის ზემოთ მოსწავლეები 7 დეკემბრიდან ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ.

კომენტარები