არჩევნები 2020

პარლამენტის მსგავსად, აჭარის უმაღლესი საბჭოც ერთპარტიულად შეიკრიბა

ოპოზიციის მემორანდუმი
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

პარლამენტის მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოც ერთპარტიულად შეიკრიბა. მეხუთე მოწვევის საბჭოს პირველი სხდომა დღეს, 15 დეკემბერს სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური ლიდერების პროტესტის ფონზე დაიწყო. 

როგორც ადგილობრივი მედიები იუწყებიან, აქციაზე ორი აქტივისტი დააკავეს. პარალელურად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას იმ 7-მა დეპუტატმა, რომელიც საბჭოში უნდა შესულიყო, მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ისინი მანდატებზე უარს ამბობენ. 

"ჩვენ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების უსკოს შედეგების მიხედვით, აჭარის ა.რ. უმაღლეს საბჭოში არჩეული დეპუტატები, უარს ვაცხადებთ სადეპუტატო მანდატებზე და ვტოვებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების მიხედვით შეკრებილ უმაღლეს საბჭოს, რადგან ის არ ასახავს რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ნებას". – წერია მემორანდუმში. 

მემორანდუმის მიხედვით, ისინი უმაღლეს საბჭოს მანდატების მოთხოვნით მას შემდეგ მიმართავენ, რაც უსკო (უმაღლესი საარჩევნო კომისია) მათი შესაბამისი განცხადების მიხედვით, გააუქმებს მათ პარტიულ სიას. 

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. 

კომენტარები