არჩევნები 2020

USAID: მივესალმებით, ISFED-მა საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა PVT-ის შედეგები და საზოგადოებას გააცნო

flickr.com

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) განცხადებას ავრცელებს და მიესალმება რომ, ISFED-მა საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები და შიდა აუდიტის დასკვნა საზოგადოებას გააცნო.

"USAID აფასებს ხანგრძლივ, მჭიდრო თანამშრომლობას დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანიზაციასთან - სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED). ჩვენი თანამშრომლობით მხარს ვუჭერთ დემოკრატიის განვითარებას საქართველოში.

მივესალმებით ISFED-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგები და საზოგადოებას გააცნო შიდა აუდიტის დასკვნა. ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის პასუხისმგებელია გამჭირვალე ინფორმაციის უზრუნველყოფაზე, საკუთარ მონაცემთა ხარისხის კონტროლსა და შედეგების სიზუსტეზე PVT-ის ჩატარების საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

სამართლიანი არჩევნების (ISFED) ცნობით, შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის (PVT) საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე, ხოლო არჩევნების დაბალი სტანდარტით ჩატარება კვლავ გამოიხატება საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში.

კომენტარები