ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

ბოკერია: ხანგოშვილის საქმეზე ხელისუფლების დუმილი ვერდიქტია იმისა, რომ რეჟიმი მტრულია

ევროპული საქართველოს წევრებმა ბრიფინგზე გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესა და საქართველოს ხელისუფლების რეაქციაზე ისაუბრეს. 

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს ხელისუფლების რეაქცია ამ საქმეზე არის კიდევ ერთი ვერდიქტი იმისა, თუ რატომ არის არსებული რეჟიმი მტრული საქართველოს ეროვნული ინტერესების მიმართ. 

"ეს საკითხი უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული რეაქციის, განსაკუთრებული ყურადღების საგანი პუტინის რუსეთის წინააღმდეგ, კითხვები უნდა დაესვა საქართველოს ხელისუფლებას და მას შემდეგ, რაც ბრალის წაყენება მოხდა და გერმანიის პროკურატურამ და პოლიტიკურმა ფიგურებმა, მათ შორის კანცლერმა მერკელმა გააკეთეს განცხადებები, საქართველოს ხელისუფლების დუმილი და გამოძიების არ დახმარება არის კიდევ ერთი ვერდიქტი ივანიშვილის რეჟიმისადმი". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა, ასევე, ისაუბრა ქართული ოცნების დეპუტატის გიორგი ხელაშვილის პოსტზე, რომელიც ტვიტერზე გამოქვეყნდა. 

თავის პოსტში ხელაშვილი ხარგოშვილის მკვლელობის საქმეზე სანდრა რულოვსის გამოკითხვაზე დაბარების ფაქტს ეხმაურება და ხანგოშვილს ტერორიზმში ბრალდებულად მოიხსენიებს.

გიორგი კანდელაკის თქმით, ხანგოშვილის შესაძლო ტერორისტობაზე არ უსაუბრია არც გერმანულ მხარეს და არც სხვა სახელმწიფოებს და ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ხანგოშვილის ტერორისტად მოიხსენიებს არის რუსეთი. 

"საქართველოს აწ უკვე კომუნისტური პარლამენტის წევრი და ქართული ოცნების სპიკერი მოიხსენიებს ტერორისტად, რუსეთის ფედერაციის და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების შეხედულებების თანხვედრის ამაზე უკეთესი მაგალითი უბრალოდ არ არსებობს". – თქვა კანდელაკმა. 

საქართველოს მოქალაქე და პანკისის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით გერმანელმა სამართალდამცავებმა რუსეთის მოქალაქე, ვადიმ კრასიკოვი დააკავეს. 

საქმეზე სასამართლო პროცესი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ხანგოშვილის საქმის გამო გერმანულმა მხარემ ქვეყნიდან 2 რუსი დიპლომატი გააძევა.  

კომენტარები