კორონავირუსი საქართველოში

ლელო: სასამართლო განზრახ აჭიანურებს პანდემიასთან დაკავშირებული ლელოს სარჩელების განხილვას

ანა ნაცვლიშვილი
ლელო

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განზრახ აჭიანურებს პანდემიასთან დაკავშირებული არაერთი სარჩელის განხილვას". – ამის შესახებ პარტია ლელოს ლიდერებმა, ანა ნაცვლიშვილმა და თორნიკე ართქმელაძემ გამართულ ბრიფინგზე თქვეს. 

"მარტო პოლიტიკურ გაერთიანება ლელოს, პანდემიასთან დაკავშირებით და იმ გაუმართლებელ, ფართოდ დაუსაბუთებელ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც როგორც პირველი, ასევე მეორე ტალღის დროს საქართველოს მთავრობამ დააწესა, ორი საკონსტიტუციო სარჩელი აქვს შეტანილი. ჩვენ უკვე თვეებია, ველოდებით პირველ ტალღასთან მიმართებით გადაწყვეტილების გამოტანას. განზრახ ჭიანურდება გადაწყვეტილების გამოტანა". – ამბობს ნაცვლიშვილი. 

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები დაუსაბუთებელია, რაც აბსოლუტურად არ ითვალისწინებს მთელი რიგი სექტორების სპეციფიკას, რის შედეგადაც ეკონომიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვერ ახერხებს იმ სამედიცინო გამოწვევებთან ადეკვატურად გამკლავებას, რასთან დაკავშირებითაც ვითომ ეს შეზღუდვები შემოიღეს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას სახელმწიფო ვერ მართავს. მას ხელმძღვანელად დანიშნული ჰყავს სრულიად არაადეკვატური, არაკომპეტენტური პირი, ჯანდაცვის სისტემაში მართვა და მენეჯმენტი ვერ ხორციელდება. შესაბამისად, უამრავი პრობლემა შეიქმნა და შემაშფოთებლად გაიზარდა სტატისტიკა". – ამბობს ნაცვლიშვილი. 

მან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სარჩელის განხილვისკენ მოუწოდა.


პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ართქმელაძე კი ამბობს, რომ ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის საათი სხვა უამრავ შეზღუდვასთან ერთად არაკონსტიტუციურია. 

“ის რასაც აკეთებს საქართველოს მთავრობა, აწესებს კომენდანტის საათს, კეტავს მაღაზიებს ეს არის არაკონსტიტუციური. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ეს ინსტიტუციაც საბოლოოდ ჩამოშლილია, სასამართლო კი მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარს აცხადებს. ჩვენ წერტილოვანი შეზღუდვები არამხოლოდ გასაჩივრებული გვაქვს, არამედ შეზღუდვების შეჩერება გვაქვს მოთხოვნილი, მანამ სანამ საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, აღნიშნულ სარჩელზე. სამწუხაროდ, ამ სარჩელზე არც ბატონი როინიშვილი არ ახდენს რეაგირებას". – ამბობს ართქმელაძე. 

 

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები