ირანი

ირანში ჟურნალისტი რუჰოლა ზამი სიკვდილით დასაჯეს

რუჰოლა ზამი
AP

ირანში დისიდენტი ჟურნალისტი რუჰოლა ზამი შაბათს, 12 დეკემბერს, სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაცია ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.

ზაფხულში ზამი 2017 წელს ანტისამთავრობო აქციების დროს ირანში განხეთქილების დაწყების მიზნით სამესიჯო აპლიკაციის გამოყენებაში დაადანაშაულეს, "საზოგადოების გარყვნაში" დამნაშავედ ცნეს და სიკვდილი მიუსაჯეს.

ჟურნალისტის სიკვდილით დასჯა დაგმო საფრანგეთმა, განაჩენს "ბარბაროსული და მიუღებელი" უწოდა. ფრანგულმა მხარემ აღნიშნა, რომ ზამის სიკვდილით დასჯა ირანის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

რუჰოლა ზამის სიკვდილით დასჯა ასევე დაგმო ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე. Amnesty International-მა თავის გამოხმაურებაში აღნიშნა, რომ ის შეშფოთებულია ირანის ქმედებებით და გაეროსა და ევროკავშირის ადამიანთა უფლებების საბჭოებს მოუწოდა, გაზარდონ ირანზე ზეწოლა, რათა შეჩერდეს ქვეყანაში სიკდვილით დასჯის გამოყენება პოლიტიკური რეპრესიების იარაღად.

რუჰოლა ზამი გასულ წელს დააპატიმრეს. ის საფრანგეთში გადასახლებაში ცხოვრობდა. ამ დრომდე უცნობი იყო, როგორ მოახერხა ირანმა ზამის დაკავება. მას საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მიღებული. ისლამის რევოლუციის მცველების კორპუსთან დაკავშირებული მედიის, Nour News-ის ინფორმაციით, გასულ კვირას ცნობილი გახდა, ხომ მცველების კორპუსის აგენტებმა ზამი 2019 წელის სექტემბერში დააკავეს, როცა ჟურნალისტი ერაყში ჩავიდა. შემდეგ კი ირანში გადმოიყვანეს.

ისლამური რევოლუციის მცველების კორპუსის განცხადებით, ჟურნალისტის დასაკავებლად მათ გამოიყენეს "თანამედროვე სადაზვერვო მეთოდები და ინოვაციური ტაქტიკები", რამაც მათ საშუალება მისცა "მოეტყუებინათ" უცხოური სამსახურები და ზამი დაეპატიმრებინათ

ზამი Amadnews-ის ვებგვერდს ხელმძღვანელობდა. Amadnews-ი პოპულარული ანტისამთავრობო ფორუმია, რომელსაც ირანი 2017-2018 წლის აქციების ხელშეწყობაში ადანაშაულებს. საინფორმაციო ვებგვერდს 1.4 მილიონი გამომწერი ჰყავს Telegram-ზე. Amadnews-მა 2017-2018 წლების აქციების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. რის შემდეგაც ის ირანის მთავრობამ დაბლოკა.

2017-2018 წლებში ირანში აშშ-ს მიერ 2015 წელს მოხსნილი ეკონომიკური სანქციების ხელახლა დაწესებას პროტესტი მოჰყვა. 2017 წლის 28 დეკემბერს ირანის ქალაქ მეშჰედში გამოსვლები დაიწყო. პროტესტი მალე სხვა დიდ ქალაქებშიც გავრცელდა. მომიტინგეები ეკონომიკურ სტაგნაციას და რეგიონში ირანის პოლიტიკას აპროტესტებდნენ. ერთი კვირის მანძილზე პოლიციასთან შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დააკავეს.

კომენტარები