ადამიანის უფლებები

ომბუდსმენი: პანდემიის პერიოდში დამძიმდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობა 

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მიმდინარე წელს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველოში არსებულ მდგომარეობა შეაფასა. ომბუდსმენის ცნობით, 2020 წელს ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება კვლავ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ფაქტები გამოვლინდა, როგორც დასაქმების ადგილას, ასევე სამედიცინო მომსახურების გაწევისას. ამასთან, უარყოფითი ტენდენციის სახით აღსანიშნავია სექსისტური გამონათქვამების სიმრავლე პოლიტიკოსების და საჯარო პირების მხრიდან.

"პანდემიის პირობებში დამძიმდა იმ ქალების მდგომარეობა, რომელთა შემოსავლის წყაროს არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობა წარმოადგენდა. გარდა ამისა, გაიზარდა ქალთა მიერ გაწეული ოჯახზე ზრუნვის აუნაზღაურებელი ტვირთი, რაც უკავშირდება საბავშვო ბაღების და სკოლების დახურვას და გადატვირთულ სამედიცინო სერვისებს.

განსაკუთრებით დამძიმდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობა, რომლებიც მოძალადეებთან ერთ სივრცეში პირისპირ აღმოჩნდნენ, რის შედეგადაც გაიზარდა ოჯახში ძალადობის რისკები და ამავდროულად შემცირდა ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის შესაძლებლობა. კვლავ დაბალია ინფორმირებულობის დონე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სახელმწიფო სერვისების შესახებ". – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენის ცნობით, 2020 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი-სექტემბერი) გამოვლინდა 19 ქალის მკვლელობის ფაქტი, მათ შორის 12 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, 7 შემთხვევაში კი – სხვა მოტივი. ამასთან, გამოვლინდა 23 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთაგან 14 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები