COVID-19-ის ვაქცინა

Pfizer-ის COVID-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებული დოკუმენტები კიბერშეტევის სამიზნე გახდა

Reuters

ევროპის მედიკამენტების სააგენტო კიბერშეტევის სამიზნე გახდა. სააგენტოს თანახმად, ჰაკერებმა მოიპოვეს წვდომა COVID-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე.

BioNTech-ისა და Pfizer-ის თანახმად, კიბერთავდამსხმელებმა წვდომა მოიპოვეს დოკუმენტებზე, რომლებიც კომპანიამ სააგენტოს ვაქცინის დამტკიცებისთვის გადასცა.

ევროპის მედიკამენტების სააგენტო ამჟამად COVID-19-ის ორი ვაქცინის დამტკიცების საკითხს განიხილავს. სააგენტო გადაწყვეტილებას უახლოეს კვირებში მიიღებს. BioNTech-ის თანახმად, კიბერშეტევა გადაწყვეტილების მიღების პროცესს არ დააყოვნებს. 

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს კიბერშეტევასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია. ჰაკერულ თავდასხმაზე გამოძიება დაწყებულია. 

ევროპის მედიკამენტების სააგენტო ევროკავშირის მედიკამენტების უსაფრთხოებას, სტანდარტებთან შესაბამისობას ამოწმებს და მათ გამოყენებისთვის ამტკიცებს. ამჟამად სააგენტო ორი მწარმოებლის, Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს COVID-19-ის ვაქცინების გამოყენებისთვის დამტკიცების საკითხს განიხილავს. უცნობია, მოიპოვეს თუ არა წვდომა ჰაკერებმა Moderna-ს ვაქცინასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე.

Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინა გამოყენებისთვის უკვე დაამტკიცეს დიდ ბრიტანეთსა და კანადაში

ვაქცინის გამოცდის კვლევების თანახმად, Pfizer-ის და გერმანული ბიოტექნოლოგიების კომპანია BioNTech-ის წარმოებული კორონავირუსის ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია. საბოლოო შედეგებით Moderna-ს წარმოებული ვაქცინა 94%-იან ეფექტიანობას ადასტურებს.

კომენტარები