ქართული ოცნება

"მელია ჩაენაცვლება" – კალაძე უგულავას შეთავაზებაზე თმის გადაპარსვის შესახებ

კახა კალაძე
ტვ იმედი

"გიგი უგულავამ გამოსავალი იპოვა, მელია ჩაენაცვლება" – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეთავაზებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

გიგი უგულავამ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს საჯარო ნიძლავის დადება შესთავაზა.

"მეც მაქვს თმები შესაჭრელი და კობახიძეს სულ შესაჭრელი აქვს. დავდოთ, თუ გინდათ საჯარო ნიძლავი. ვნახავთ 11 დეკემბერს, თუ [პარლამენტში] იქნებიან მარტო, გადაიპარსოს თავი. თუ არა და მე გადავიპარსავ". – თქვა მან.

მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ კობახიძემ თქვა, რომ მიმდინარე დიალოგი მას იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

დღეს, 9 დეკემბერს, პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ ხელში "გაწიკწიკებული საარჩევნო წესები" ექნება, პარლამენტში შევა. გირჩის თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას თქმით კი, თუ ხელისუფლება მას დაჰპირდება "ხვალიდანვე უბარიერო პროპორციული არჩევნების" მიღებას, ეს არამხოლოდ იმისთვის იქნება საკმარისი, რომ პარლამენტში შევიდეს, არამედ იმისთვის, რომ სხვებსაც მოუწოდოს იმავესკენ. 

კომენტარები