ოკუპირებული აფხაზეთი

სუს: ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას 9-წლიანი უკანონო პატიმრობა მიესაჯა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 7 დეკემბერს 9-წლიანი პატიმრობა უკანონოდ მიუსაჯეს. 

სუს-ის ინფორმაციით, ფაქტზე ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. მათივე ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან. 

"ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე". - წერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. 

ირაკლი ბებუამ 30 სექტემბერს აფხაზეთის ომში გამარჯვებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე, გალში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დროშის ფერებით გაფორმებული ტილო და მასზე დამაგრებული გერბი დაწვა. ოკუპირებული აფხაზეთის საგამოძიებო სამსახურების თანახმად, ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა იპოვეს.  

ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან 7 სექტემბერს აქცია გაიმართა.

კომენტარები