ესტონეთი - რუსეთი

ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე მავთულხლართებიანი ღობის აღმართვა დაიწყო

Siseministeeriumi / Facebook

ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე მავთულხლართებიანი ღობის აღმართვა დაიწყო. ახალი ღობე სამწლიანი ინფრასტრუქტურის პროექტის ნაწილია. ამჟამად მიმდინარეობს ღობის 8 კილომეტრიანი მონაკვეთის აღმართვა. პროექტის ფარგლებში ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა რუსეთ-ესტონეთის საზღვრის 23.5 კილომეტრიან მონაკვეთზე. მავთულხლართებიანი ღობის გარდა, იგეგმება საპატრულო გზების გაყვანა, ელექტროგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემების გამართვა.

საზღვრის დაცვისთვის ესტონეთი ასევე აპირებს უსაფრთხოების ელექტრონული სისტემისა და დრონების გამოყენებას.

ესტონეთ-რუსეთის საზღვარი 338 კილომეტრს მოიცავს, აქედან 135 კილომეტრი ხმელეთზე, 126 –ტბებზე, ხოლო 176 მდინარეებზე გადის.

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალარ ლეინმანი ამბობს, რომ საზღვრის ახალ სტრუქტურას აქვს როგორც პრაქტიკული, ასევე სიმბოლური და პოლიტიკური მნიშვნელობა.

"პრაქტიკული კუთხით ეს არის ევროკავშირისა და ნატოს საგარეო საზღვარი და ჩვენ ყველას გვესმის, რომ ტექნიკურად კარგად აღჭურვილი და დაცული საზღვარი ძალიან მნიშვნელოვანია ესტონეთისა და ევროკავშირის უსაფრთხო ცხოვრებისთვის". – თქვა ლეინმანი.

ესტონეთი ნატოს წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რუსეთთან რატიფიცირებული შეთანხმება არ აქვს. 90-იანი წლების ბოლოს მოლაპარაკებების პროცესში რუსეთი უარს ამბობდა 1920 წლის სასაზღვრო შეთანხმების ფარგლებში განსაზღვრული საზღვრის დამტკიცებაზე. საბ​ოლოოდ, მხარეები შეთანხმდნენ სსრკ-ს პერიოდის საზღვარი მცირე ცვლილებებით დაეტოვებინათ. 2005 წელს ორივე მხარემ შეთანხმებას ხელი მოაწერა. რატიფიკაციის პროცესში ესტონეთმა შეთანხმებაში შეიტანა პრეამბულა, რომელიც 1920 წლის სასაზღვრო შეთანხმებაზე მიუთითებდა. რის გამოც რუსეთმა შეთანხმების რატიფიცირებაზე უარი თქვა. 2014 წელს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც არ შეიცავდა სადავო პრეამბულას. შეთანხმება ორივე მხარის პარლამენტს რატიფიკაციისთვის გადაეცა, თუმცა ის ამ დრომდე არ დამტკიცებულა.

კომენტარები