საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო

TI: ფოთის მერის ბიზნესპარტნიორის კომპანიამ გამარტივებული შესყიდვებით 306 520 ლარი მიიღო

"ფოთის მერის, გოჩა კურდღელიას ბიზნესპარტნიორისა და მეგობრის, რამაზ გუჯაბიძის წილობრივ მფლობელობაში არსებულმა კომპანიამ შპს ხალიბმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2012 წლიდან დღემდე 306 520 ლარი მიიღო" - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო ავრცელებს და შეყიდვებთან დაკავშირებით შესაძლო კორუფციულ ნიშნებზე საუბრობს.

რამაზ გუჯაბიძე ათამდე კომპანიაში ფლობს წილს ან/და იკავებს დირექტორის თანამდებობას. მათგან ხუთ კომპანიაში იგი ფოთის მერის ბიზნესპარტნიორია:

  • შპს მეტალექს + - 2.5% წილის მფლობელი და დირექტორი
  • შპს მეტალექს ტრანსი - 2.5% წილის მფლობელი და დირექტორი
  • შპს მეტალექსი - 2.5% წილის მფლობელი და დირექტორი
  • შპს ფაზისი პლაზა - 12.5% წილის მფლობელი
  • შპს ნიუ ფრი - 33% წილის მფლობელი

"რამაზ გუჯაბიძის კომპანიებიდან სახელმწიფო შესყიდვებში ჩართულია შპს ხალიბი, რომლის 50% წილს ფლობს გუჯაბიძე. შპს ხალიბმა 2012 წლიდან 2020 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით 671 გამარტივებული შესყიდვა მიიღო, ჯამური ღირებულებით 301 998 ლარი, ერთხელ კი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის ტენდერი მოიგო, (განაცხადის ნომერი - NAT190000165), რომლის ფაქტობრივმა, საბოლოო ღირებულებამ 4 522 ლარი შეადგინა.

გოჩა კურდღელია ფოთის მერი 2017 წლის ნოემბერში გახდა. სწორედ მისი მერად არჩევის შემდეგ  გაიზარდა მნიშვნელოვნად ფოთის მუნიციპალური იურიდიული პირების მიერ შპს ხალიბთან გაფორმებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების რაოდენობაც და თანხის ოდენობაც. 671 გამარტივებული შესყიდვიდან 373 შესყიდვა ფოთის მუნიციპალურ იურიდიულ პირებზე მოდის, რომელთა საერთო ღირებულებამ 156 196 ლარი შეადგინა". - წერს TI.

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, ფოთის მერის ბიზნესპარტნიორი, რამაზ გუჯაბიძე პარტიების შემწირველიცაა და ჯამში 183 000 ლარი აქვს შეწირული, მათ შორის, 2012 წელს - 15 000 ლარი ნაციონალური მოძრაობისთვის, 2016 წელს 60 000 ლარი, 2019 წელს - 48 000 ლარი, 2020 წელს 60 000 ლარი ქართული ოცნებისთვის.

შპს ხალიბის ჩართულობა ფოთის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების სახელმწიფო შესყიდვებში, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს შეფასებით, აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. TI მოუწოდებს ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო  ნიშნებს.

კომენტარები