საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო

TI: ქართული ოცნების დამფინანსებლების კომპანიები შიდა ქართლში სამშენებლო ტენდერებს იგებენ

transparency.ge

შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ყოფილი მაღალჩინოსნების და ქართული ოცნების შემწირველების კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებით 2011-2020 წლებში 218,786,448 ლარი მიიღეს. ამის შესახებ ანტიკორუფციული მოძრაობა საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო წერს

2011 წლიდან დღემდე კომპანიამ საგზაო სამშენებლო სამმართველო N1 სამშენებლო ტენდერებისა და პირდაპირი შესყიდვების გზით სახელმწიფოსგან ჯამურად 205,178,478 ლარი მიიღო. ამ თანხის ნახევარზე ოდნავ მეტი კომპანიამ 2018 წლის იანვრიდან 2020 წლის სექტემბრამდე მიიღო. მხოლოდ 2019 წელს კომპანიის მიერ სახელმწიფო ტენდერებიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 56,431,099 ლარი შეადგინა.

"ამ კომპანიის მფლობელებმა, 2015 წელს, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ყოფილ მოადგილესთან, ავთანდილ კაჭკაჭაშვილთან და ამავე გუბერნატორის მეგობართან, ახალციხის მუნიციპალური შპს კეთილმოწყობის ყოფილ დირექტორთან, გიორგი ბალიაშვილთან ერთად დააარსეს საგზაო სამშენებლო სამმართველო N2, რომელიც უმეტესად სამცხე-ჯავახეთში ოპერირებს. ამ კომპანიამ 2017 წლის დასაწყისიდან 2020 წლის სექტემბრამდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 13,607,970 ლარი მიიღო". – წერია TI-ის განცხადებაში.

TI-ის თანახმად, 2017-2018 წლებში  გორის მუნიციპალიტეტში გზების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვისთვის 33 ტენდერი გამოცხადდა, საიდანაც შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო №1-მა 22 შემთხვევაში მიაღწია წარმატებას, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში - შპს შარამ და შპს იბოლიამ, რომლებიც ქართული ოცნებიდან გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ოჯახს ეკუთვნის.

"კომპანიამ 2011 წლიდან დღემდე 267 ტენდერიდან 139 მოიგო. აქედან, 64 შემთხვევაში ერთადერთი პრეტენდენტი იყო, 27 ტენდერში კი იმ კომპანიას მიენიჭა დისკვალიფიკაცია, რომელიც შემსყიდველს საგზაო სამშენებლო სამმართველო №1-ზე ნაკლებ თანხას სთავაზობდა. შედეგად უკონკურენტო ტენდერებით კომპანიამ შემოსავლის სახით 43,495,702 (ტენდერებიდან მთლიანად შემოსული თანხის 22,2%) ლარი მიიღო, ხოლო იმ ტენდერებში, რომელშიც მისი კონკურენტების დისკვალიფიკაცია მოხდა, კომპანიამ 49,812,910 ლარი (27,3%)".– ნათქვამია განცხადებაში.

საერთო ჯამში საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-მა და საგზაო სამშენებლო სამმართველო N2-მა სამცხე-ჯავახეთში 2015 წლის დეკემბრიდან დღემდე განხორციელებული პროექტებით 40,989,436 ლარი მიიღეს. 2017 წლის ივლისიდან 2020 წლის სექტემბრამდე საგზაო სამშენებლო სამმართველო N2 95 ტენდერში მონაწილეობდა და  47 მოიგო.

TI-ის თანახმად, კომპანიის მეწილეები, ნუგზარ და ნუკრი აბალაკები ქართული ოცნების მსხვილი შემწირველები არიან. მათ 60,000-60,000 ლარი მმართველ პარტიას 2016 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში გადაურიცხეს. კომპანიის მესამე მეწილემ, შოთა აბულაძემ კი 60,000 ლარი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შესწირა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მოუწოდებს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-ისა და საგზაო სამშენებლო სამმართველო N2-ის სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს მათსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის.

კომენტარები