ბელარუსი

ბელარუსში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დაპატიმრება დაიწყო

აქცია ბელარუსში. ოქტომბერი 2020.
ABC

ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები – თავისუფლების მარში იმართება. აქციების მონაწილეები ქალაქების სხვადასხვა რაიონებში იკრიბებიან და დამოუკიდებლად განსაზღვრული მარშუტით აგრძელებენ მსვლელობას.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნებია: ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და  პოლიციის ძალადობის შეწყვეტა.

არასამთავრობო ორგანიზაცია Весна-ს ინფორმაციით ამ დროისთვის დაკავებულია 141 ადამიანი. მინსკის გარდა დემონსტრანტები დააპატიმრეს ბრესტში, გროდნოში და ბელარუსის სხვა დიდ ქალაქებში.

მინსკში, გროდნოში, ვიტებსკსა და ბრესტში შეფერხებული იყო ინტერნეტკავშირი. დილით დახურული იყო მინსკის მეტროს ცენტრალური სადგურები, თუმცა მოგვიანებით მეტროს მუშაობა აღდგა. მინსკში მობილიზებულია პოლიციის სპეცტექნიკა. ტექნიკა განლაგებულია არა მხოლოდ დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, არამედ სხვადასხვა მიკრორაიონებშიც.

საპროტესტო აქციები ბელარუსში სამ თვეზე მეტია, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსე ვადით გახდა ბელარუსის პრეზიდენტი. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 13 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები