კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: არ ვიცით დადასტურებულად, გვქონდა თუ არა რეინფიცირება, კვლევებს ვატარებთ

"დადასტურებული ინფორმაცია, რომ ნამდვილად რეინფიცირება გვქონდა საქართველოში, ჩვენ არ გვაქვს". - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის საპასუხოდ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, "ორ თუ სამ" სავარაუდო შემთხვევაზე ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.

"ანუ განმეორებითი PCR კვლევა და ამავე დროს ე.წ გენომის სეკვერირება, რომელიც დროს და მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს. ამის შესაძლებლობა მხოლოდ ლუგარის ცენტრს აქვს.

რომ დავადასტუროთ, ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირება, ამას სჭირდება კარგად განხილვა პროფესიულ საბჭოზე და შემდეგ გადაწყვეტილება ყველა იმ ლაბორატორიული თუ სხვა კლინიკური არგუმენტის მიხედვით, რომელიც არის". - ამბობს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, სავარაუდო რეინფიცირებულები "ძირითადად გაზაფხულის შემთხვევები" არიან.

"ვიკვლევთ პირველად ნიმუშებს, იყო თუ არა ნამდვილად, ხომ არ მოხდა სადმე შეცდომა, იქ კლინიკა იყო თუ არა და ასე შემდეგ. ასე რომ, არ არის მარტივი, დაადასტურო, ნამდვილად გაქვს თუ არა რეინფიცირება". - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ 3 დეკემბრის ინტერვიუში თქვა, რომ "გვქონია შემთხვევა, როდესაც კოვიდგადატანილს არ აქვს ანტისხეულები და, შეიძლება, მეორედ დაემართოს".

"შეიძლება კი არა, დაემართა ყოფილ პაციენტს. იშვიათად, ერთეული, მაგრამ ყოფილა ორჯერ ინფიცირების შემთხვევა. ხშირად ამბობენ, რომ დაემართათ და მერე აღმოჩნდება, რომ სხვა რამე დაემართათ - დადასტურებული იყო 3". - თქვა ცერცვაძემ.

კომენტარები