რუსეთი

რუსეთში უფლებადამცველები "უცხოეთის აგენტის" კანონის გაფართოებას აპროტესტებენ

Moskva News Agency

რუსეთში უფლებადამცველი აქტივისტები უცხოეთის აგენტის კანონის გაფართოებისთვის შემუშავებულ გეგმას აპროტესტებენ. აქტივისტები თვლიან, რომ კანონში ცვლილებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ოპოზიციის შევიწროებას.

გასულ თვეს რუსეთის დუმამ წარმოადგინა კანონპროექტების სერია, რომლებიც ხელისუფლებას შესაძლებლობას მისცემს ინდივიდები უცხოეთის აგენტებად გამოაცხადოს, კიდევ უფრო შეზღუდოს საჯაროდ შეკრებები და აკონტროლოს ინტერნეტში გავრცელებული კონტენტი. 

კრიტიკოსები ამბობენ, რომ მომავალ წელს დაგეგმილი დუმის არჩევნების წინ კანონპროექტი კიდევ უფრო შეზღუდავს რუსულ ოპოზიციას.

ვლადიმირ პუტინის ადამიანთა უფლებების საბჭოს წევრი და აქტივისტი, ალექსანდრ ვერხოვსკი აღნიშნავს, რომ ახალი კანონპროექტი სიტყვის თავისუფლების და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების უპრეცედენტო შეზღუდვაა.

შემოთავაზებული ცვლილებების ფარგლებში ნებისმიერი პირი შეიძლება უცხოეთის აგენტად ჩაითვალოს, თუ ის იღებს ფულად დახმარებას საზღვარგარეთიდან ან ორგანიზაციისგან, რომელიც უკვე შეყვანილია უცხოეთის აგენტთა სიაში.

კანონის ფარგლებში სიაში შეყვანილ პირებს აეკრძალებათ საჯარო, სახელმწიფო სამსახურში დასაქმება.

ვერხოვსკი აღნიშნავს, რომ კანონპროექტი იმდენად ზოგადია, რომ უცხოეთისგან მხარდაჭერის მიღებად შეიძლება ჩაითვალოს უცხოური დაფინანსებით ჩატარებულ ღონისძიებაზე დასწრება.

დუმის მიერ შემუშავებული კიდევ ერთი კანონპროექტი, ძალაში შესვლის შემთხვევაში, აკრძალავს ერთკაციან საპროტესტო აქციებს. ერთკაციან პროტესტს აქტივისტები აქტიურად იყენებდნენ, რათა გვერდი აევლოთ რუსეთში არსებული მოთხოვნის, საჯარო შეკრებაზე ნებართვის შესახებ.

ასევე განიხილება კანონპროექტი, რომელიც საგანმანათლებლო მასალის რეგულაციას ითვალისწინებს. აქტივისტები აღნიშნავენ, რომ ეს კანონპროექტი იმდენად ზოგადია, რომ შეზღუდვების ქვეშ, შესაძლოა, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტები მოყვეს.

ამ ეტაპზე, დამტკიცებამდე კანონპროექტებმა პარლამენტის ქვედა პალატაში, დუმაში სამი მოსმენა უნდა გაიარონ, რის შემდეგაც მათ კენჭი უნდა უყარონ ზედა პალატაში, ფედერაციის საბჭოში. თუ კანონპროექტები ამ პროცედურებს გაივლის, ისინი საბოლოოდ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნდა დაამტკიცოს.

"უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონი პირველად 2012 წელს შევიდა ძალაში. ამ კანონით რუს მაღალჩინოსნებს არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანთა უფლებების ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთიდან იღებენ დაფინანსებას, შეუძლიათ უცხოეთის აგენტთა სიაში შეიყვანონ.

თუ ორგანიზაცია უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას, ის აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს იუსტიციის სამინისტროში და წარადგინოს დეტალური ანგარიში, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაცია დაჯარიმდება. "უცხოეთის აგენტთა" სიაში მოხვედრილმა ჯგუფებმა რეგულარულად უნდა წარადგინონ თავიანთი დაფინანსების წყარო, თუ რაში ხარჯავენ ამ ფულს, ვინ არიან მათი მენეჯერები. 

2012 წლის შემდეგ კანონი გაფართოვდა. გასულ წელს შესაძლებელი გახდა უცხოეთის აგენტთა სიაში ინდვიდუალური ჟურნალისტებისა და ბლოგერების შეყვანა, რის შემდეგაც ნებისმიერი პირი ვინც ინტერნეტში საჯაროდ გამოხატავს აზრს და ამავდროულად, საზღვარგარეთიდან იღებენ შემოსავალს, შესაძლოა, უცხოეთის აგენტებად ცნონ.

ზაფხულში მოსკოვის სასამართლომ რუსეთის ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, ანტიკორუფციული ფონდის "უცხოეთის აგენტის" კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და ჯარიმა დააკისრა. 2019 წლის 9 აგვისტოს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კი ნავალნის ანტოკორუფციული ფონდი "უცხოეთის აგენტთა" სიაში შეიყვანა.

კომენტარები