კორონავირუსი საქართველოში

"გვინდა შევხვდეთ ე.წ. მინისტრს" – აქტივისტები ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ

მთავარი არხი

სამოქალაქო აქტივისტები ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ცდილობენ, რასაც სამინისტროში ხმაური მოყვა. ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები. მოქალაქის თქმით, "აფეთქებული პანდემიის" პირობებში მოთმინება დანაშაულია. 

"ხალხი იხოცება, მოთმინება დღეს დანაშაულია. მოვედით და ჩამოვიდეს. ის აუცილებლად უნდა გადავაყენოთ, თორემ ხალხი იხოცება, სასწრაფოებს ვერავინ ვეღარ მიჰყავთ. ამბობს, რომ საწოლები გვაქვს, მაგრამ შიგნით არავის არ აწვენენ. ავადმყოფი არის უამრავი, ააფეთქეს პანდემია და ეს არ უნდა დავუშვათ". – თქვა ჯანდაცვის სამინისტროში ერთ-ერთმა აქტივისტმა.

მცხეთის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსით 24 წლის ქალი გარდაიცვალა. დაღუპულის ოჯახი უარყოფს, რომ 24 წლის ქალს თანმდევი დაავადება ჰქონდა და გარდაცვალებაში კლინიკას ადანაშაულებს.

პირველ დეკემბერს საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა. გარდაცვლილის დედის თქმით, პაციენტი ჰოსპიტალში 6 დღის განმავლობაში არ გადაჰყავდათ, რის შემდეგაც, 1 ადგილი "ნაცნობობით" იპოვეს.

25 ნოემბერს ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში კოვიდინფიცირებული მამა-შვილი გარდაიცვალა. ოჯახის წევრებისა და ექიმის თქმით, კლინიკაში მისულ კაცს მიღებაზე უარი უთხრეს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 4 260 ახალი შემთხვევა. 3 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 147 636 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 124 568 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 387 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები