მოლდოვა-რუსეთი

ლავროვი: საეჭვოა, მოლდოვიდან რუსული ძალების გასვლის უპასუხისმგებლო მოთხოვნას დავთანხმდეთ

სერგეი ლავროვი
Vijesti

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, გამოეხმაურა მოლდოვის არჩეული პრეზიდენტის, მაია სანდუს, განცხადებას, რომ დნესტრისპირეთიდან რუსული ძალები უნდა გავიდნენ და ინიციატივას, რუსი სამხედროების ეუთოს დამკვირვებლებით შეცვლის თაობაზე.

ლავროვის თქმით, სანდუს შემოთავაზება "საეჭვოა, რომ [პროცესის] მოგვარებას დაეხმაროს" და "საეჭვოა, რომ [მოსკოვი] ასეთ საკმაოდ უპასუხისმგებლო მოთხოვნას დასთანხმდეს".

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დნესტრისპირეთში ამ დრომდე არის 20 000 ტონაზე მეტი საბრძოლო მასალა, რასაც რუსეთის სამხედრო ძალების 1 000-კაციანი ჯგუფი იცავს. რუსი სამშვიდობოების ნაწილი რეგიონში 1992 წელს, კონფლიქტის დროს შევიდა. სანდუმ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთსა და მოლდოვას შორის ამ ტერიტორიაზე იარაღისა და სამხედრო ძალის ყოფნის თაობაზე ორმხრივი შეთანხმება არ არსებობს.

მანამდე, სანდუს განცხადებას გამოეხმაურნენ კრემლში. ვლადიმირ პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ დნესტრისპირეთში სტატუს-კვოს შეცვლას, შესაძლოა, დაძაბულობის ზრდა მოყვეს. მან ასევე თქვა, რომ რუსი დიპლომატები ინარჩუნებენ კონტაქტს პრეზიდენტად არჩეულ სანდუსთან და ხაზი გაუსვა, რომ პუტინმა მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური პირველ ნოემბერს გაიმართა. მეორე ტურში ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი და მაია სანდუ გადავიდნენ. პროდასავლური ორიენტაციის მქონე სანდუმ კრემლთან დაახლოებული დოდონი მეორე ტურში დაამარცხა.

კომენტარები