ეკონომიკა

33.6 მილიარდი ლარი – მომდევნო წელს სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-ს 60%-ს აცდება

Reuters

გუშინ, 1 ნოემბერს მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო წელს ქვეყნის ბიუჯეტი რეკორდულ 18.4 მილიარდ ლარს გაუტოლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა მნიშვნელოვნად ზრდის ხარჯვას. 

გაზრდილი სახელმწიფო ხარჯების დაფინანსების მთავარი წყარო კი ახალი საგარეო ვალი იქნება. მომდევნო წელს მთავრობა კიდევ 5.2 მილიარდ ლარს ისესხებს. როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, 2021 წელს საქართველოს მთავრობამ შიდა ვალის აღებას არ გეგმავს. საგარეო ვალთან შედარებით, შიდა ვალი, როგორც წესი უფრო ძვირია ხოლმე, მიმდინარე წელს მთავრობამ შიდა ვალის სახით 1.8 მილიარდი ლარი აიღო. 

ამგვარად, 2021 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალის მოცულობა ჯამურად 33.6 მილიარდ ლარს გაუტოლდება და ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრულ 60%-იან ნიშნულს გადააჭარბებს. 

მოცემული 33.6 მილიარდი ლარიდან 27.7 მილიარდი ლარი საგარეო ვალი, ხოლო საშინაო ვალი კი თითქმის 6 მილიარდი ლარი იქნება. 

5.2 მილიარდი ლარის ახალი საგარეო ვალიდან, რომელსაც მთავრობა მომდევნო წელს აიღებს დიდი ნაწილი მთავრობის მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისა [1.4 მილიარდი ლარი] და ბიუჯეტის კრედიტების მხარდაჭერისთვის [2 მილიარდი ლარი] არის გათვალისწინებული. 

ყველაზე მეტი დაფინანსება, წინა წლების მსგავსად, მომდევნო წელსაც კვლავ ჯანდაცვის სამინისტროსთვის იქნება განკუთვნილი. უწყების ბიუჯეტი, წლევანდელთან შედარებით, თითქმის 50 მილიონი ლარით იზრდება და ჯამურად 5.5 მილიარდს გადააჭარბებს.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რეკორდული ეკონომიკური ვარდნის მიუხედავად, არათუ არ მცირდება, არამედ იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასის მოცულობა. შედარებისთვის, თუ მიმდინარე წელს ჯამურად შრომის ანაზღაურებაზე 1.55 მილიარდი ლარი დაიხარჯა, მომდევნო წელს იგივე მაჩვენებელი 1.61 მილიარდს გაუტოლდება. 

ცალკეული მიმართულებების მიხედვით, ბიუჯეტი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 5.5 მილიარდი ლარი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 2.4 მილიარდი ლარი;
  • თავდაცვის სამინისტრო – 900 მილიონი ლარი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 790 მილიონი ლარი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 470 მილიონი ლარი;
  • გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 464 მილიონი ლარი;
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 264 მილიონი ლარი;
  • იუსტიციის სამინისტრო – 247 მილიონი ლარი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 174 მილიონი ლარი;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – 138 მილიონი ლარი;
  • ფინანსთა სამინისტრო – 89 მილიონი ლარი;

 

კომენტარები