ვიეტნამი

ორ თვეში ვიეტნამში ტაიფუნებს 192 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სექტემბრის შუიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე ვიეტნამში ბუნებრივმა კატასტროფებმა 1.3 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია და 197 ადამიანი იმსხვერპლა, 57 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. 

ორ თვეში ვიეტნამს 9 ტაიფუნი დაატყდა თავს. ამ ორ თვეში ბუნებრივი კატასტროფების შედეგად ვიეტნამში უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე მთლიანად 2019 წლის განმავლობაში. 2019 წელს ბუნებრივ კატასტროფებს 132 ადამიანი ემსხვერპლა.

"სექტემბრის შუიდან ნოემბრის შუამდე, ორ თვეში ცხრა ტაიფუნი და ორი ტროპიკული ციკლონი გადავიტანეთ. ანომალიური ამინდი ჩვენს ქვეყანას 30 ტრილიონი დონგი (1,3 მილიარდი დოლარი) დაუჯდა. აუცილებელია, რომ ჩვენი მოქალაქეები არ დარჩნენ უსახლკაროდ, საკვებისა და სუფთა წყლის გარეშე". - თქვა ვიეტნამის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მოსალოდნელია, რომ ვიეტნამის ეკონომიკური ზრდა 2%-3% პროცენტით შემცირდეს, რაც კორონავირუსის პანდემიისა და ბუნებრივი კატასტროფების გავლენის შედეგია. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ვიეტნამის ეკონომიკა 7.02%-ით გაიზარდა.

ვიეტნამი აქტიური ქარიშხლების ზონაშია. ქვეყანაში ხშირად ხდება წყალდიდობები. ბუნებრივი კატასტროფების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ვიეტნამის გრძელი სანაპირო ზოლია. მსოფლიო ბანკის ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, ვიეტნამის სანაპირო პროვინციების მოსახლეობიდან 11.8 მილიონი ადამიანი წყალდიდობების საფრთხის ქვეშ ცხოვრობს.

კომენტარები