ვიეტნამი

ვიეტნამის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად ქვეყნის პრეზიდენტი დასახელდა

Nhac Nguyen/AFP

ვიეტნამის პრეზიდენტი ტო ლამი კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად დასახელდა, რაც სახელმწიფოში ფაქტობრივად ყველაზე გავლენიანი თანამდებობაა. 

ტო ლამამდე პარტიის გენერალური მდივანი ნგუენ ფუ ჩონგი იყო, რომელიც 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მანამდე, ჩონგს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა და 18 ივლისს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტო ლამს თავისი ვალდებულებები გადააბარა. 

პარტიის დელეგატებთან მიმართვისას, ტო ლამმა თქვა, რომ ჩონგის პოლიტიკას გააგრძელებს, მათ შორის, ანტიკორუფციულ კამპანიასაც აწარმოებს. 

სინგაპურული ანალიტიკური ცენტრის, სამხრეთაღმოსავლეთ აზიის კვლევების ინსტიტუტის (ISEAS) ერთ-ერთი ექსპერტის, ნგუენ ხაც გიანგის თქმით, ტო ლამის პრიორიტეტებს შორის ანტიკორუფციული პროგრამის ნაცვლად ჯერჯერობით პარტიის სტაბილიზება იქნება. 

"ეს პარტიის შიგნით დაპირისპირების დროებითი შეჩერების ნიშანია. [...] მართალია, ლამმა პირობა დადო, რომ ანტიკორუფციულ კამპანიას წინ წაწევდა, მაგრამ კამპანია შეიძლება შენელდეს, რამდენადაც მან შესაძლოა 2026 წლის პარტიულ ყრილობამდე პარტიული სისტემის სტაბილიზებას დაუთმოს ყურადღება". - თქვა გიანგმა. 

ექსპერტები ამბობენ, რომ ტო ლამი ამ პოზიციას დიდი ხნის განმავლობაში უმიზნებდა და პრეზიდენტობა შუამავალი ნაბიჯი იყო.

ჯერჯერობით უცნობია, დაიკავებს თუ არა ტო ლამი ორივე თანამდებობას 2026 წლის არჩევნების შემდეგაც. 

კომენტარები