საფრანგეთი

პროტესტის შემდეგ საფრანგეთში პოლიციის უშიშროების ახალ კანონპროექტს შეცვლიან

EPA

ფრანგი პოლიტიკოსების თანახმად, კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში დავის საგანი გახდა, შეიცვლება. პრეზიდენტ მაკრონის პარტიის წევრის, კრისტოფერ კასტნერის თქმით, მთლიანად გადაიწერება კანონპროექტის 24-ე მუხლი და შეიქნება ახალი ვერსია.

ახალ კანონპროექტში სადავო სწორედ 24-ე მუხლია. ამ მუხლის თანახმად, დანაშაულებრივ ქმედებად ცხადდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელების ფოტო და ვიდეომასალის საჯაროდ გამოქვეყნება მათთვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენების მიზნით. ამ მუხლის დარღვევისთვის სასჯელი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ან 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. კანონპროექტი საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო.

ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საფრანგეთის მოსახლეობა აქტიურად ეწინააღმდეგება კანონპროექტს.

შაბათს საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციების მონაწილეები პოლიციის ძალადობას აპროტესტებდნენ, ასევე, მოითხოვდნენ პრესის თავისუფლების დაცვასა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯერალდ დარმანინის გადადგომას.

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება საფრანგეთის რესპუბლიკის ფუნდამენტურ საჯარო თავისუფლებებს. მედიის წარმომადგენლები თვლიან, რომ კანონპროექტი საშუალებას მისცემს პოლიციას, აღკვეთონ ჟურნალისტებისა და სოციალური მედიის მომხმარებლების მიერ პოლიციის ძალადობის ფაქტების გადაღებისა და ჩაწერის უფლება.

ბოლო პერიოდში პოლიციის ძალადობის საკითხი საფრანგეთში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. გასულ თვეს გავრცელდა ვიდეო, რომლშიც ჩანს, როგორ სცემს ოთხი პოლიციელი შავკანიან პროდიუსერ მიშელ ზეკლერს. ვიდეო მედიასაიტმა – Loopsider-მა გამოაქვეყნა. ოთხივე პოლიციელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პოლიციის ძალადობა საზოგადოებრივი კრიტიკის საგანი გახდა. პოლიციელთა ქმედებას "მიუღებელი" და "სამარცხვინო" უწოდა ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. პოლიციელები ასევე გააკრიტიკა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები