2001 კოსმოსური ოდისეა

იუტის უდაბნოს შემდეგ იდუმალი მონოლითი რუმინეთშიც აღმოაჩინეს

dailymail.com

იუტას შტატში ველური ბუნების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების ნაპოვნი მეტალის იდუმალი მონოლითის მსგავსი, რომელიც 1 კვირის შემდეგ გაქრა, ამჯერად რუმინეთში შენიშნეს. 

იდუმალი მონოლითი, რომელიც დაახლოებით 4 მეტრის სიმაღლისაა, ჩრდილოეთ რუმინეთში, პიატრა ნემტში, ქალაქის ყველაზე ძველი მონუმენტიდან, დაციელების ციხესიმაგრიდან რამდენიმე მეტრში ამ კვირაში აღმოაჩინეს. 

ნემტის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანახმად, მონოლითი კერძო საკუთრების ტერიტორიაზეა, თუმცა ჯერ არ იციან, თუ ვის ეკუთვნის ის. 

ერთი კვირის წინ იუტის შტატის უდაბნოს მოშორებულ ნაწილში ველური ბუნების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უდაბნოზე ვერტმფრენით გადაფრენისას იდუმალი მონოლითი შენიშნეს. ობიექტი 3-3.6 მეტრის სიმაღლის იყო.  

"ეს იყო ყველაზე უცნაური რამ, რასაც გადავწყდომივარ ამდენი წლის ფრენის განმავლობაში". - განაცხადა ექსპედიციის პილოტმა, ბრეტ ჰაჩინგმა. ჰაჩინგი იუტის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დავალებით მიფრინავდა, რათა ველური ბუნების რესურსების სააგენტოს კანადური თოვლის ცხვრის დათვლაში დახმარებოდა. ამ რუტინული საქმის შესრულებისას წითელი ქვების ლანდშაფტში ამ უცნაური მოყვანილობის მონოლითის აღმოჩენა ყველასთვის განმაცვიფრებელი იყო.

 

კომენტარები