კორონავირუსი იაპონიაში

იაპონიაში ერთ თვეში თვითმკვლელობით უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე მთლიანობაში COVID-19-ით

facebook.com

იაპონიაში ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გასულ თვეში თვითმკვლელობით უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე მთლიანობაში COVID-19-ით. ოქტომბრის თვეში ქვეყანაში თვითმკვლელობის შემთხვევების რიცხვმა 2 153-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, 2020 წლის განმავლობაში COVID-19-ით იაპონიაში 2 106 ადამიანი გარდაიცვალა.

იაპონია იმ ქვეყნების მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც თვითმკვლელობის შემთხვევების თანადროულ მონაცემებს აქვეყნებენ. ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს შორის იაპონიას თვითმკვლელობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ექსპერტების თანახმად, ამ ქვეყანაში თვითმკვლელობის მაღალ მაჩვენებელს დატვირთული სამუშაო გრაფიკი, დატვირთული სასწავლო პროცესი, სოციალური იზოლაცია და მენტალური ჯანმრთელობის გარშემო არსებული კულტურული სტიგმა განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე იაპონიაში თვითმკვლელობის შემთხვევების რაოდენობამ მნიშვნელოვნად დაიკლო. 2019 წელს ქვეყანაში სუიციდის 20 000-მდე შემთხვევა აღირიცხა, რაც 1978 წლის შემდეგ იაპონიისთვის ყველაზე მცირე მონაცემია.

თვითმკვლელობის შემთხვევების რაოდენობა 2020 წლის ივლისამდე მცირდებოდა, თუმცა აქტივისტები ამბობენ, რომ ივლისის შემდეგ პანდემიის უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე გამწვავდა და თვითმკვლელობათა შემთხვევებმაც თანდათანობითი ზრდა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ თვითმკვლელობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალებში. 2020 წლის ოქტომბერში, 2019 წლის იმავე თვის მონაცემთან შედარებით, ქალებში თვითმკვლელობის მაჩვენებელი 82,6%-ით გაიზარდა, ხოლო იმავე პერიოდისთვის თვითმკვლელობის მაჩვენებელი კაცებში – 21,3%-ით. 

იაპონიაში სტუმარ-მასპინძლობისა და ტურისტულ სექტორში ნახევარგანაკვეთზე დასაქმებულთა დიდი ნაწილი ქალია. ეს სექტორი პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად დაზარალდა. ბოლო პერიოდში იაპონიაში სამსახურის დაკარგვის შემთხვევების 66% ქალებზე მოდის. გარდა ამისა, სკოლების დაკეტვის ფონზე გაიზარდა ქალებისთვის სახლის საქმის რაოდენობა. პანდემიის დროს ზრდა ასევე შეინიშნება ქალების მიმართ გახშირებული ოჯახური ძალადობის შემთხვევების რაოდენობაში.

იაპონია G7-ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელშიც 15-39 წლამდე ახალგაზრდებში სიკვდილის წამყვანი მიზეზი თვითმკვლელობაა. პანდემიის პერიოდში სკოლების დაკეტვის შედეგად, გაიზარდა სტრესის დონე ბავშვებში. სწავლასთან დაკავშირებული წნეხის გარდა, ბავშვებს შეუმცირდათ კონტაქტი მეგობრებთან. ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების ეროვნული ცენტრის გამოკითხვის თანახმად, რომელშიც 8 700-ზე მეტი მშობელი და ბავშვი გამოიკითხა, ბავშვების 75% პროცენტი პანდემიასთან დაკავშირებულ სტრესის ნიშნებს ავლენს.

კომენტარები