კორონავირუსი იაპონიაში

კორონავირუსის გამო იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

შინზო აბე
Reuters

ახალი კორონავირუსის გამო იაპონიის პრემიერმინისტრმა შინზო აბემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარმოადგინა.

საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას დამატებით ძალაუფლებას აძლევს, რათა დახუროს ბიზნესები და მოსახლეობას სახლებში დარჩენის ბრძანება გასცეს. მიუხედავად ამისა, მოთხოვნის დარღვევაზე ოფიციალური ჯარიმები არ არის დაწესებული. აბეს თქმით მთავრობა სარკინიგზო კომპანიებს შეზღუდვებს არ დაუწესებს. ასევე ჩვეულ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებენ მედია კომპანიები, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ფოსტა და ბანკები.

"ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ შევცვალოთ ჩვენი ქმედებები. თუ ყველა ჩვენგანი შეამცირებს კონტაქტს სხვა ადამიანებთან სულ მცირე 70%-ით, იდეალურ შემთხვევაში 80%-ით, ჩვენ ინფექციის პიკს ორ კვირაში ვნახავთ." თქვა აბემ.

მთავრობა ეკონომიკის სტიმულირებისათვის 108 ტრილიონ იენს (990 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყოფს, რათა ეკონომიკაზე ვირუსის შედეგად მიყენებული ზარალი შეამციროს.

საგანგებო მდგომარეობა დედაქალაქ ტოკიოში და კიდევ 6 პრეფექტურაში გამოცხადდა და ჯამში იაპონიის მოსახლეობის 44%-ს შეეხო, თუმცა ეს რეგიონები არ ჩაიკეტება. საგანგებო მდგომარეობა 6 მაისამდე გაგრძელდება.

ამ დროისათვის იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების 2,935 შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა 69 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 514. გასულ კვირას ტოკიოში დაავადებულთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა და 1,200-სს მიაღწია.

ჩინეთის შემდეგ იაპონია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ახალი ვირუსი დაფიქსირდა, თუმცა ქვეყანაში განსაკუთრებული ზომები არ მიუღიათ და 2020 წელს დაგეგმილი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამართვას გეგმავდნენ. საბოლოოდ ოლიმპიადის გადადების შესახებ 24 მარტს გამოაცხადეს.

კომენტარები