კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: საკმარისი საწოლების რაოდენობა, ზოგადად, არ არსებობს ესეთი ცნება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში სულ თავისუფალი 564 ადგილია, მისივე თქმით, თავისუფალია ასევე 430 ფილტვის ხელოვნური ვენტილატორი. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ვერ ხვდებიან მძიმე პაციენტები კლინიკებში, ტიკარაძე პასუხობს, რომ ცნება - "საკმარისი საწოლების რაოდენობა" არ არსებობს. მისივე თქმით, ასეთი მხოლოდ ერთეული შემთხვევებია. 

"საკმარისი საწოლების რაოდენობა, ზოგადად, არ არსებობს ესეთი ცნება. ყველა საწოლი, რომელიც იქნება გამოყოფილი, აუცილებლად იქნება დატვირთული და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მაგალითი. ზოგადად, მსოფლიოში საწოლბრუნვა, ძირითადად, არის დეფიციტური. აქედან გამომდინარე, ყველა ქვეყანა, როგორც საქართველო განსაზღვრავს ამ დეფიციტის პროცენტს, ან იმ ნიშნულს რომლის შემდეგაც საწოლფონდის დამატება იწყება და ეს არის ჰოსპიტალურ სექტორში 85%-იანი გადატვირთა. ანუ, ამის შემდეგ იწყება ქმედება, რომ დავამატოთ საწოლფონდი. სხვა შემთხვევაში ამას ჰქვია არარაციონალურად გამოყენება ყველა იმ რესურსის, რომელიც სახელმწიფოებს გააჩნიათ და ზოგადად, არცერთ ქვეყანას არ აქვს მიზანი ის, რომ გამოიყენოს საწოლფონდების მაქსიმალური რაოდენობა.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, პრევენციული ღონისძიებები ჩატარდეს, დაწესდეს შეზღუდვები იმისათვის, რომ მოხდეს როგორც საწოლფონდის განტვირთვა, ისე პრევენციულად ინფექციის გავრცელება. რაც შეეხება მსგავს ფაქტებს, თუ შეგიძლიათ მომაწოდოთ კონკრეტული სახელი და გვარი, რადგან ეს ერთეულ პაციენტებზეა საუბარი და უმჯობესია, ამას გაეცეს კონკრეტული პასუხი და საზოგადოებასაც ეცოდინება, რა შეცდომა ან პრობლემა იდგა ამ პრობლემის დროს". – ამბობს ტიკარაძე. 

მისი ინფორმაციით, წინა კვირაში საქართველოში 6 000 საწოლი იყო მობილიზებული, თუმცა კიდევ 1 000 დაამატეს, ორშაბათიდან კი საწოლების რაოდენობა 7 000-ს შეადგენს. 

საქართველოში გასულ დღე-ღამეში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა. დადასტურდა ვირუსით ინფიცირების 3 216 შემთხვევა. 

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მასშტაბით – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები