კორონავირუსი საქართველოში

საგანგებო: 3 000 მეხანძრე-მაშველიდან კორონავირუსით ინფიცირებულია – 173 

droa.ge

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 3 000 მეხანძრე-მაშველიდან კორონავირუსით ინფიცირებულია — 173. 

მათივე ინფორმაციით, ყველა თანამშრომელს, ვისაც covid 19 დაუდასტურდა, უტარდება შესაბამისი მკურნალობა, ხოლო ის თანამშრომელი, რომელიც ინფიცირებულთან კონტაქტია, გადადის თვითიზოლაციაში და 72 საათში უტარდება PCR ტესტი.

"მეხანძრე-მაშველები უზრუნველყოფილი არიან ინდივიდუალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებით. ყოველ შაბათ-კვირას ხდება სახანძრო-სამაშველო ძალების შენობების დეზინფექცია, ხოლო რომელიმე დანაყოფში ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ტარდება არაგეგმიური დეზინფექცია, როგორც შენობების, ასევე, ავტომობილების". - წერია განცხადებაში. 

საგანგებო აცხადებს, რომ შსს-ს რესურსი აქვს, რომ "თანამედროვე, მსოფლიო მასშტაბით აპრობირებული, უახლესი სისტემებითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიით, PCR ლაბორატორიაში შეძლოს დღეში 1000 ლაბორატორიული კვლევის ჩატარება".

30 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 135 584 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 113 986 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 267 პაციენტი კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID 19-ის21 063 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მასშტაბით – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები