საფრანგეთი

პარიზში პოლიციის ძალადობის საწინააღმდეგო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

წარწერა: პოლიციის უფლებების ქვეყანა
Reuters

შაბათს საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციები დაკავშირებულია საფრანგეთის კანონმდებლობაში მოსალოდნელ ცვლილებებთან. ახალი კანონის თანახმად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელების ფოტო- და ვიდეომასალის გამოქვეყნება, შესაძლოა, დასჯადი გახდეს.

ოფიციალური ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციებში 133 000-მდე ადმიანი მონაწილეობდა. აქციების მონაწილეები პოლიციის ძალადობას აპროტესტებდნენ და, ასევე, მოითხოვდნენ პრესის თავისუფლების დაცვას და შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯერალდ დარმანინის გადადგომას.

აქციები გაიმართა პარიზში, ბორდოში, სტრასბურგში, ლილში, მონპელიეში, ნანტში და საფრანგეთის სხვა ქალაქებში.

პარიზში პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტებმა ბარიკადები აღმართეს და პოლიციას ქვები დაუშინეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის თანახმად დემონსტრაციების დროს დაშავდა 37 სამართალდამცველი.

ახალ კანონპროექტში დავის საგანი 24-ე მუხლია. ამ მუხლის თანახმად, დანაშაულებრივ ქმედებად ცხადდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელების ფოტო- და ვიდეომასალის საჯაროდ გამოქვეყნება მათთვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენების მიზნით. ამ მუხლის დარღვევისთვის სასჯელი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ან 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

კანონპროექტი საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო, თუმცა ძალაში შესასვლელად ის ზედა პალატამ, სენატმა უნდა დაამტკიცოს. 

მაკრონის პარტიის წევრის და კანონპროექტის თანაავტორის, ალის ტუროს თქმით, კანონპროექტი საფრთხეს არ შეუქმნის ჟურნალისტების და ჩვეულებრივი მოქალაქეების უფლებას, მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას. ტუროს თანახმად, 24-ე მუხლი აკრძალავს პოლიციელების წინააღმდეგ ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს სოციალურ მედიაში.

თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგებიან. მათი აზრით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება საფრანგეთის რესპუბლიკის ფუნდამენტურ საჯარო თავისუფლებებს.

"კანონპროექტის მიზანია, ძირი გამოუთხაროს პრესის თავისუფლებას, ინფორმაციის მიწოდების და მიღების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას" - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

მედიის წარმომადგენლები თვლიან, რომ კანონპროექტი საშუალებას მისცემს პოლიციას, აღკვეთონ ჟურნალისტებისა და სოციალური მედიის მომხმარებლების მიერ პოლიციის ძალადობის ფაქტების გადაღებისა და ჩაწერის უფლება.

პარასკევს საფრანგეთის პრემიერმინისტრმა ჟან კასტეკსმა თქვა, რომ შეიქმნება კომისია 24-ე მუხლის შესაცვლელად.​

კომენტარები