დავითგარეჯის საქმე

ხვალ საქალაქოსთან პროცესის პარალელურად, მელაშვილი-ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართება

30 ნოემბერს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აღკვეთის ღონისძიების სასამართლო პროცესის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წევრები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ექსპერტთა კომისიის დაკავებული თავმჯდომარისა და წევრის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერ აქციას გამართავენ.

"ხელისუფლება აგრძელებს ბინძური პროპაგანდის წარმოებას კარტოგრაფების წინააღმდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ადვოკატებს მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის გადაცემაზე უარს იმის გამო ეუბნება, რომ ეს მტკიცებულებები ნატალიასა და ივერისთვის იქნება სასარგებლო". – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში. 

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სასამართლო პროცესი ხვალ, 30 ნოემბერს გაიმართება. ასევე, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და წინასასამართლო სხდომის ვადა გაახანგრძლივა. ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, ეს "გულისხმობს ავტომატურად იმას, რომ პროკურატურა არ არის მზად".

27 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მხარდამჭერების თქმით, აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმიტომ გაიმართა, რომ იქ "მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მრავალწლიანი თანამშრომლობის მიუხედავად, ძალიან სამარცხვინოდ, უბრალოდ არ აწვდიან დაკავებულების ადვოკატებს მასალებს, რომლებიც უდავოდ გამოდგება იმისთვის, რომ დამტკიცდეს მათი უდანაშაულობა".

საპროტესტო აქციების პარალელურად ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის უფლებადამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, სურვილის შემთხვევაში, თავდებად დაუდგნენ კომისიის დაპატიმრებულ წევრებს. ასევე, ადვოკატები საქმეზე ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვასაც ითხოვენ. ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში უშუალოდ იყო ჩართული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

კომენტარები