რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

პესკოვი: იმედი გვაქვს, შესაბამისი პირობები შეიქმნება იმისთვის, რათა აღდგეს ავიამიმოსვლა

დმიტრი პესკოვი და ვლადიმერ პუტინი
Russia Insider

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე ისაუბრა. 

პესკოვმა რუსული გაზეთისთვის "კომერსანტი" მიცემულ კომენტარში აღნიშნა, რომ ავიამიმოსვლა დროებით შეჩერდა და სამუდამოდ არ გაუქმებულა. 

"სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თავის დროზე აუცილებელი და შესაბამისი პირობები შეიქმნება იმისთვის, რათა აღდგეს ავიამიმოსვლა,"- თქვა პესკოვმა. 

25 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მისი აზრით საქართველოს ავიამიმოსვლის აღდგენა ღირს.

ამ კომენტარის მიცემიდან მეორე დღეს, 26 სექტემბერს ლავროვს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. 

მოგვიანებით განცხადება ზალკალიანის უწყებამაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ შეხვედრა შვეიცარიის შუამდგომლობით და მათი ინიციატივით შედგა. გაზეთი კომერსანტი კი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრის სურვილი ქართული მხარისგან იყო წასული. 

ეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების პირველი შეხვედრა იყო პირისპირ. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 8 ივლისს შევიდა ძალაში. ემბარგოს გამო საქართველოში სტუმრობაზე უარის თქმა, დაახლოებით, 155 ათას რუს ტურისტს მოუწია.

კომენტარები