ახალი კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: დაახლოებით 10-მდე ჩემი კოლეგა შეეწირა ვირუსს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ახალ კორონავირუსს  დაახლოებით, 10-მდე სამედიცინო პერსონალის სიცოცხლე შეეწირა. ამის შესახებ იმნაძეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ამავე ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ საქართველოში კორონავირუსი სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ 4 500-დან 5 000-მდე ადამიანს დაუდასტუდა.

27 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 123 470 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 102 270 გამოჯანმრთელდა, 1 161 კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID-19-ის 20 013 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ დროისთვის, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

ხვალიდან, 28 ნოემბრიდან, საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე დაიწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავლენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტება ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. დამატებით რა შეზღუდვები წესდება ხვალიდან - სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები