ბელარუსი

ლავროვი: დასავლეთი ბელარუსში ე.წ. ფერადი რევოლუციების ბინძურ მეთოდებს იყენებს

The Courier

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, დასავლეთი ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. ლავროვი მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს, თავის ბელარუს კოლეგას, ვლადიმერ მაკეის და სხვა მაღალი რანგის პირებს შეხვდა. 

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა აშშ-ს და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას ბრალი დასდო ბელარუსის შიდა საქმეებში "უხეშ ჩარევაში". 

"ბრძენ ბელარუს ხალხს თავად შეუძლია დალაგდეს ყველანაირი გარე წამაქეზებელი და არასასურველი შუამავლობის შემოჭრისგან". - დასძინა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, დასავლეთი "იყენებს ე.წ. ფერადი რევოლუციების ბინძურ მეთოდებს, მათ შორის, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას, მხარს უჭერს ძალებს, რომლებიც ღიად არიან მთავრობის მოწინააღმდეგეები და ხელს უწყობს მათ რადიკალიზაციას".

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. 

მას შემდეგ პუტინი ლუკაშენკოს დაჰპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსში უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება. კრემლში განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ მზად არიან, დახმარება გაუწიონ კოლექტიური სამხედრო პაქტის ფარგლებში.

27 აგვისტოს კი რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ალექსანდერ ლუკაშენკომ მას სთხოვა, შეექმნა სარეზერვო პოლიციის ძალა, თუმცა პირობა დადო, რომ არ გამოიყენებს მანამდე, სანამ კრიზისი კონტროლს გასცდება.

აღსანიშნავია, რომ მანამ, სანამ 15 აგვისტოს ლუკაშენკოსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგებოდა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ "საჭიროა პუტინთან დაკავშირება, რომ ახლა შევძლო მასთან საუბარი, რადგან ეს უკვე მხოლოდ ბელარუსისთვის საფრთხე აღარ არის...ბელარუსის დაცვა დღეს არანაკლებია, ვიდრე ჩვენი საერთო სივრცის, საკავშირო სახელმწიფოს დაცვა... ვინც დღეს ქუჩაში დაეხეტება, მათ უმეტესობას ეს არ ესმის".

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 7 დეკემბერს 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა "ხელშეკრულებას საკავშირო სახელმწიფოს" შესახებ. 1999 წელს ხელმოწერილი ამ დოკუმენტის მიხედვით, მომავალში რუსეთსა და ბელარუსს საერთო კონფედერაცია უნდა შეექმნათ. ბოლო პერიოდის განმავლობაში კრემლი ბელარუსზე მზარდ ზეწოლას ახორციელებდა და მისგან სამხედრო და ეკონომიკურ სფეროში ინტეგრაციის დაჩქარებას მოითხოვდა.

კომენტარები