აშშ-ჩინეთი

სი ძინფინგმა ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

სი ძინფინგი და ჯო ბაიდენი
getty images

ჩინეთის მმართველმა, სი ძინფინგმა, აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ჩინური სახელმწიფო მედიის თანახმად, სი ძინფინგმა ხაზი გაუსვა ჩინეთსა და აშშ-ს შორის ჯანმრთელი და სტაბილური ურთიერთობის წახალისებას, რაც, მისი სიტყვებით, არა მხოლოდ ორი ხალხის ძირეულ ინტერესებს შეესაბამება, არამედ საერთაშორისო საზოგადოების საერთო მოლოდინიცაა. 

"იმედი გვაქვს, რომ ორივე მხარე მხარს დაუჭერს არაკონფლიქტურ, დაპირისპირებისგან დაცლილ, ურთიერთპატივისცემისა და ორმხრივ მომგებიანი თანამშრომლობის სულისკვეთებას, ფოკუსირდება თანამშრომლობაზე, მართავს განსხვავებებს, ხელს შეუწყობს ჩინეთი-აშშ-ს ურთიერთობების ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას და ითანამშრომლებს სხვა ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა წინ წასწიონ მსოფლიო მშვიდობისა და განვითარების კეთილშობილური საქმე". - თქვა სი ძინფინგმა ჩინური სახელმწიფო მედიის ცნობით.

ბაიდენის გადაბარების გუნდის განცხადებით, ისინი აფასებენ მილოცვას ყველა მსოფლიო ლიდერის, "მათ შორის სი ძინფინგისგან".

ამჟამად ჩინეთისა და აშშ-ს ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არა მხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ სავაჭრო ომის, ჰონგ-კონგის, ტაივანის, ჩინეთის სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო და სხვ.

ტრამპის ადმინისტრაციის დროს, აშშ-მ ჩინეთს არაერთი დიპლომატიური და ეკონომიკური სანქცია დაუწესა, აშშ ჯანმო-დან ნაწილობრივ ორგანიზაციაზე ჩინეთის გაზრდილი გავლენის გამო გავიდა. ტრამპმა გაერო-ს მოუწოდა რომ ახალი კორონავირუსის პანდემიაზე ჩინეთს მისი ქმედებების გამო პასუხი აგებინოს და სხვ. 

კამპანიის დროს ბაიდენმა სი ძინფინგი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ბოროტმოქმედად მოიხსენია. აღსანიშნავია, რომ 24 ნოემბერს საგარეო პოლიტიკის გუნდის წარდგენისას ბაიდენმა თქვა, რომ მსოფლიო ლიდერები ელიან, რომ "აშშ-მ ხელახლა დაამტკიცოს გლობალური ლიდერის ისტორიული როლი, როგორც წყნარ ოკეანეში, ასევე ატლანტის [ოკეანეში] და მთელ მსოფლიოში". ჩინეთს სურს, რომ დომინანტი ძალა თავად იყოს სწორედ წყნარი ოკეანის რეგიონში.

კომენტარები