ნარკოდანაშაული

შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც ნარკოდანაშაულის შესანიღბად კურიერის ჩანთას და სკუტერს იყენებდა

რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული თ.ტ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 24 ​შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - მეტადონი ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თავისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესანიღბად, ერთ-ერთი საკურიერო მომსახურების ზურგჩანთასა და სკუტერს იყენებდა, რისი საშუალებითაც გადაადგილდებოდა ქალაქის სხვადასხვა მისამართებზე.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები