ბიძინა ივანიშვილი

ბოლო ერთი წელიწადში ბიძინა ივანიშვილი $100 მილიონით გამდიდრდა – Bloomberg

ბიძინა ივანიშვილი
GETTY IMAGES

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი 100 მილიონი დოლარით გამდიდრდა. ამის შესახებ Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგის მონაცემები მეტყველებს. 

ქართული ოცნების დამფუძნებელი და თავმჯდომარე პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 430-ე ადგილს იკავებს. გამოცემა ივანიშვილის ქონებას ამ დროისთვის 5.57 მილიარდი დოლარით აფასებს. შედარებისთვის, ზუსტად 1 წლის წინ, 2019 წლის 24 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის აქტივების ღირებულება 5.42 მილიარდი დოლარს შეადგენდა. 

ამ დროისთვის ივანიშვილის ქონების ღირებულება წლევანდელ მაქსიმალურ ნიშნულზეა. მიმდინარე წელს, პანდემიიდან გამომდინარე, რეიტინგში მყოფი სხვა მილიარდერების მსგავსად ივანიშვილის ქონებაც დროის მცირე მონაკვეთით მნიშვნელოვნად შემცირდა. 

მათ შორის, პანდემიის საწყის ეტაპზე, მარტში, როდესაც მსოფლიო სავაჭრო ბირჟებზე გაუარესებული მოლოდინების გამო თითქმის ყველა კომპანიის და ფასიანი ქაღალდების ღირებულება მკვეთრად შემცირდა. წელს მინიმალურ ნიშნულს ბიძინა ივანიშვილის ქონებამ 23 მარტს მიაღწია, როდესაც მისი აქტივების ღირებულება 4.92 მილიარდი დოლარით შეფასდა. 

ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებული ზრდა მნიშვნელოვნად უკავშირდება ბოლო ერთ თვეს, რა დროშიც ივანიშვილის საკუთრებაში არსებული კომპანიების აქციათა ფასი საგრძნობლად გაიზარდა. 

შედეგად, თუ 24 ოქტომბერს ივანიშვილის ქონებას სააგენტო 5.47 მილიარდი დოლარით აფასებდა, დღეს იგივე მაჩვენებელი 5.57 მილიარდი დოლარია. 

ბიძინა ივანიშვილის აქტივებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნების ნიმუშების კოლექცია, რომლის ჯამური ღირებულებაც, სხვადასხვა მონაცემებით, 1 მილიარდ დოლარს აღემატება. 

ბიძინა ივანიშვილი 1990-წლებში რუსეთში გამდიდრდა. სხვადასხვა დროს იგი დაკავებული იყო რკინისა და მეტალის ბიზნესით, მას ასევე ჰქონდა ინტერესები უძრავი ქონებისა და საფინანსო სექტორში. ოფიციალური ინფორმაციით, ივანიშვილმა აქტივების უმეტესობა 2006 წლამდე გაყიდა. 

კომენტარები