კორონავირუსი საქართველოში

932 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 413 – მართვით სუნთქვაზეა

ახალი კორონავირუსის 18 526 აქტიური შემთხვევიდან 932 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 457 თბილისში მკურნალობს, 206 – იმერეთში, ხოლო 154 – აჭარაში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 413 ინფიცირებული იმყოფება, 203 – თბილისში, 108 – აჭარაში.

საავადმყოფოებში სულ 6 192 ადამიანი მკურნალობს, 3 739 ინფიცირებული კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, ხოლო 8 595 – ბინაზე.

24 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 111 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 კი გარდაიცვალა. სულ 18 526 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები