ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი COVID 19-ით გარდაიცვალა

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ახალი კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. მათი ცნობით, ექიმს კოვიდთან ერთად თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა, ის კლინიკაში 8 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

ექიმი დღეს, 18 ნოემბერს, კლინიკიდან უნდა გაეწერათ, თუმცა მისი მდგომარეობა გამთენიისას დამძიმდა.

მისი მდგომარეობა სავსებით სტაბილური იყო, მკურნალობის კურსი დამთავრებული ჰქონდა, გუშინდელ ანალიზებში ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო . დღეს უნდა წასულიყო სახლში, მაგრამ სამწუხაროდ, გამთენიას მისი მდგომარეობა უეცრად დამძიმდა". – ამბობს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძე.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბათუმში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით 57 წლის ექთანი გარდაიცვალა. ექთანი შუახევის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა, მკურნალობის კურსს კი ბათუმში, კლინიკა მედ ცენტრში გადიოდა.

გასულ დღე-ღამეში აღრიცხული კორონავირუსის 3 443 ახალი შემთხვევიდან აჭარაში 515 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი.

18 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 89 395 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 71 468 გამოჯანმრთელდა, 815 კი გარდაიცვალა. სულ 17 086 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები