მაიკ პომპეოს ვიზიტი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა

ტაბულა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა. ის ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით 17 ნოემბერს ჩამოვიდა. 18 ნოემბერს შეხვედრები გაიმართა საქართველოს მთავრობის, საპატრიარქოსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა.

ამის შემდეგ პომპეო შეხვდა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. შეხვედრაზე მან ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე.

"ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან.". – თქვა შეხვედრისას მაიკ პომპეომ.

"სახელმწიფო მდივანი პომპეო პრემიერმინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე". - ნათქვამია შეხვედრის შემდეგ აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაიკ პომპეოს შეხვედრა გიორგი გახარიასა და დავით ზალკალიანთან

პომპეო მთავრობის წევრების შემდეგ საპატრიარქოში გაემართა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. საუბრის თემა რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერა იყო.

"სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით". - ნათქვამია შეხვედრის შემდეგ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაიკ პომპეო და ილია მეორე

ვიზიტის ბოლოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის იყვნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ეს ორგანიზაციებია: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.

საელჩოს განცხადების მიხედვით, მათთან პომპეომ სასამართლო რეფორმაზე ისაუბრა:

"სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში. თუმცა, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად".

პომპეო ოფიციალურ ვიზიტებს აგრძელებს და ამჯერად ისრაელში გაემგზავრება.

კომენტარები