მაიკ პომპეოს ვიზიტი

გახარია პომპეოს: ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების მომენტი დადგა

"თქვენ ამ ქვეყნის ჭეშმარიტი მეგობარი ბრძანდებით! ჩვენ, პირადად თქვენი და შეერთებული შტატების მადლობელი ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა, რაც გაგვაჩნია". - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას განაცხადა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს გლობალური პანდემიის პერიოდში საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობას გიხდით შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის ახალი კორონავირუსის დაძლევის საქმეში. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს ლუგარის ლაბორატორიის სახით, რომელიც მეტად საკვანძო ასპექტია ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. უპირველეს ყოვლისა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნამდვილად ვაფასებთ შეერთებული შტატების ხალხისა და მთავრობის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი". - თქვა გიორგი გახარიამ.

გახარიამ აღნიშნა, რომ შეხვედრა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია და საოკუპაციო ძალები კვლავ არიან განთავსებული ქვეყნის ტერიტორიაზე.

"ჩვენ ვიცით, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა უპირველეს ყოვლისა ეფუძნება ფასეულობებს - თავისუფლებას, დემოკრატიას და რა თქმა უნდა, საერთო გეოსტრატეგიულ ინტერესებს. რეგიონისთვის ამ ძალიან ცვალებად დროში ვაცნობიერებთ, რომ ეს საკითხებია განსახილველი. ძალიან კარგი შესაძლებლობა გვეძლევა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის  თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის საკითხებზე თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად ვგრძნობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების, ასევე ამ რეგიონში შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა. კიდევ ერთხელ  მოგესალმებით და მადლობას გიხდით საქართველოში ვიზიტისთვის". - ამბობს გიორგი გახარია.

მაიკ პომპეომ უკვე გამართა შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდება. 

კომენტარები