აშშ-ს არჩევნები 2020

დონალდ ტრამპი: ბაიდენმა გაიმარჯვა, რადგან არჩევნები გაყალბდა

დონალდ ტრამპი
AP

დონალდ ტრამპმა მორიგი ტვიტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ ჯო ბაიდენმა არჩევნებში იმიტომ გაიმარჯვა, რომ არჩევნები ფალსიფიცირებული იყო. 

აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ამგვარად გამოეხმაურა ტელეარხ Fox News-ის სიუჟეტს, რომელიც არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს ეხებოდა. "მან გაიმარჯვა, რადგან არჩევნები გაყალბებული იყო. ხმის მიცემის და დათვლის პროცესზე დამკვირვებლები არ დაუშვეს". - წერს დონალდ ტრამპი.

ტრამპის თქმით, ბაიდენის გამარჯვება ხმის დამთვლელი აპარატურის მწარმოებელი კომპანიის Dominion Voting Systems-ის ხარვეზიანმა აპარატურამ უზრუნველყო, ხოლო კომპანიას "ცუდი რეპუტაცია აქვს". ტრამპი, ასევე, ამბობს, რომ არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე მსხვილი მედიები არაფერს ამბობდნენ და მსგავს ფაქტებს არ ახმაურებდნენ. 

ტრამპი, ასევე, ამბობს, რომ კომპანიის მიერ წარმოებული აპარატი არ ითვლიდა მისთვის მიცემულ ხმებს, ხოლო ბაიდენისთვის მიცემული ხმებს კი გადაჭარბებით ითვლიდა. აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მსგავსი მეთოდით მას მხოლოს მიჩიგანში 2.7 მილიონი ხმა მოჰპარეს. 

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა, არჩევნების ხმების დათვლის პროცესი და ოფიციალური შედეგები ჯერაც არ გამოქვეყნებულა. პროცესი რეკორდული აქტივობისა და ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემის მაღალი მაჩვენებლის გამო გაიწელა. 

მიუხედავად ამისა, ამერიკული მედიების დიდმა ნაწილმა წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით გამარჯვებულად გამოაცხადა ჯო ბაიდენი, რომელმაც უკვე დააგროვა გამარჯვებისთვის აუცილებელი ელექტორალური კოლეგიის 270 ხმა.

კომენტარები