აშშ-ს არჩევნები 2020

დღეს, 14 დეკემბერს აშშ-ს საარჩევნო კოლეგია ახალ პრეზიდენტს ფორმალურად აირჩევს

ტაბულა

დღეს, 14 დეკემბერს აშშ-ს საარჩევნო კოლეგია ახალ პრეზიდენტს ფორმალურად აირჩევს.

აშშ-ს კონსტიტუციის მიხედვით, დეკემბრის მეორე ოთხშაბათის შემდეგ პირველი ორშაბათი არის სწორედ ის დღე, როდესაც კოლეგიის წევრებმა საკუთარი არჩევანი უნდა დააფიქსირონ.

ყველა შტატში და ასევე, კოლუმბიის ოლქში კოლეგიის არჩეული წევრები შეიკრიბებიან და მათ კანდიდატს ხმას მისცემენ. შედეგებს 23 დეკემბრამდე ვაშინგტონში გადაგზავნიან. 6 იანვარს გაიმართება კონგრესის გაერთიანებული სხდომა, სადაც კოლეგიის არჩევანს დაამტკიცებენ.

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია კი 20 იანვარს გაიმართება და სწორედ ამის შემდეგ შეუდგება ის ოფიციალურად პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.

პრეზიდენტად არჩევისათვის კანდიდატს კოლეგიაში 270 ხმის მიღებას სჭირდება. 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჯო ბაიდენი გამარჯვებულად გამოცხადდა, რადგან კოლეგიაში მან 306 ხმა მოიპოვა, ტრამპმა კი მხოლოდ 232.

32 შტატსა და კოლუმბიის ოლქში კანონი კოლეგიის წევრებს ავალდებულებს, ხმა მისცენ იმ კანდიდატს, რომელმაც შტატში ხმათა უმეტესობა მოიპოვა.

არსებობს ფიცი, რომელსაც კოლეგიის წევრები დებენ, რომ ხმას მისცემენ იმ კანდიდატს, რომელმაც შტატში გაიმარჯვა, მისი დარღვევა მხოლოდ ზოგიერთ შტატში ისჯება. აღსანიშნავია, რომ წევრებს, რომლებმაც ფიცი დაარღვიეს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში არასოდეს უთამაშიათ გადამწყვეტი როლი.

ბაიდენი კოლეგიის წევრების შეკრების შემდეგ მიმართვის გავრცელებას გეგმავს. ტრამპი კი კვლავ უარს ამბობს, აღიაროს დამარცხება. რესპუბლიკური პარტიის წევრებმა შედეგების გაუქმებაზე უზენაეს სასამართლოში 2 სარჩელი შეიტანეს, თუმცა სასამართლომ ისინი არ დააკმაყოფილა.

რა არის საარჩევნო კოლეგია?

საარჩევნო კოლეგია 538 წევრისგან შედგება (სენატის 100 და წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილის შესაბამისად + 3 წევრი დედაქალაქ ვაშინგტონიდან). არჩევნების წინ პარტიები საარჩევნო კოლეგიის წევრებს ასახელებენ. ისინი არ უნდა მსახურობდნენ ფედერალურ თანამდებობებზე. როგორც წესი, პარტიები წევრებს მათდამი ლოიალობის ნიშნით არჩევენ. წევრების რაოდენობა შტატების მიხედვით არის გადანაწილებული და 3-დან 55-მდე მერყეობს იმის მიხედვით, თუ რამხელაა შტატის მოსახლეობა. შტატისათვის მინიჭებული წევრების რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს საყოველთაო აღწერის შემდეგ, რომელიც 10 წელიწადში ერთხელ ტარდება.

შტატების უმეტესობაში მუშაობს სისტემა - „გამარჯვებული იღებს ყველაფერს“, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კოლეგიაში შტატის ყველა წარმომადგენელი იქნება იმ პარტიიდან, რომლის კანდიდატიც ამ შტატის მოსახლეობის უმეტესობის მხარდაჭერას მოიპოვებს. განსხვავებული სისტემაა მეინისა და ნებრასკის შტატებში, სადაც წევრებს არა მთლიანად შტატის, არამედ ოლქების მიხედვით ირჩევენ, შესაბამისად, ამ შტატებიდან კოლეგიაში შესაძლოა, შევიდნენ, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის მიერ შერჩეული წევრები.

იმ შემთხვევაში, თუ კოლეგიაში უმრავლესობის მოპოვებას ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს, კონსტიტუციის მეთორმეტე მუხლის მიხედვით, პრეზიდენტს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა აირჩევს. კონგრესმენები ხმას არა ინდივიდუალურად, არამედ შტატის დელეგაციის ფარგლებში აძლევენ. თითო შტატს თითო ხმა აქვს. ამჟამად წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატიულ პარტიას აქვს, მაგრამ, ვინაიდან თითო შტატიდან თითო ხმა ითვლება, ამ წესით უმრავლესობა ამ დროისთვის რესპუბლიკური პარტიის მხარესაა. თუმცა, 3 ნოემბერს ტარდება წარმომადგენელთა პალატის არჩევნებიც. გადაწყვეტილებას კი არჩევნების შემდეგ დამტკიცებული პალატა მიიღებს, სადაც ძალთა თანაფარდობა, შესაძლოა, შეიცვალოს. იმ შემთხვევაში, თუ შტატის დელეგაციის შიგნით ხმები გაიყო, ის გადაუწყვეტლად ჩაითვლება და არცერთ კანდიდატს არ მიენიჭება. პრეზიდენტად არჩევისათვის კანდიდატმა 50 შტატის დელეგაციიდან 26-ის ხმა უნდა მიიღოს. მსგავსი წესით აშშ-ში პრეზიდენტი 1801 და 1825 წლებში აირჩიეს.

მსგავსი პრინციპი მუშაობს ვიცეპრეზიდენტის არჩევისასაც. მაშინ, როდესაც კანდიდატები საარჩევნო კოლეგიაში უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ, ვიცეპრეზიდენტს სენატი ირჩევს. 1933 წელს კონსტიტუციაში შესული შესწორების მიხედვით, 2020 წელს მსგავსი შედეგის დადგენის შემთხვევაში არჩევანს ახლად დაკომპლექტებული სენატი გააკეთებს. თითო სენატორს თითო ხმა აქვს. 1837 წელს სენატმა ამგვარად აირჩია ვიცეპრეზიდენტი მას შემდეგ, რაც საარჩევნო კოლეგიაში ვირჯინიის წარმომადგენელმა, ე.წ. მოღალატე ხმოსანმა რიჩარდ მენტორ ჯონსონს არ მისცა ხმა, რომელიც მას კოლეგიაში უმრავლესობის მოსაპოვებლად სჭირდებოდა.

საარჩევნო კოლეგია აშშ-ში 1787 წლიდან არსებობს. ის კონსტიტუციის ავტორებმა კომპრომისის სახით შექმნეს, რათა მცირე ზომის და მოსახლეობის მქონე შტატებისთვის მიეცათ გარანტია, რომ მათი მნიშვნელობა ქვეყნის მმართველის არჩევისას არ დაკნინდებოდა. კოლეგიის არსებობის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს მექანიზმი აიძულებს კანდიდატებს, უყურადღებოდ არ დატოვონ მომცრო შტატები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შტატების ნაწილში მკვეთრად არის გამოკვეთილი რომელიმე პარტიისადმი მხარდაჭერა, ხოლო ზოგიერთ შტატს, ე.წ მერყევ შტატებს, გამოკვეთილი ლოიალობა რომელიმე პარტიის მიმართ არა აქვთ და სხვადასხვა დროს იქ გაუმარჯვიათ, როგორც დემოკრატებს, ასევე რესპუბლიკელებს.

მოწინააღმდეგეთა მიხედვით კი, კოლეგია დამფუძნებელმა მამებმა იმისათვის შექმნეს, რომ მთავრობასა და ხალხის მასებს შორის ერთგვარი დამცავი მექანიზმი ყოფილიყო, რადგან იმ პერიოდში ამომრჩეველთა მხოლოდ მცირე ნაწილი იყო სრულად ინფორმირებული მსგავსი პოლიტიკური მნიშვნელობის გადაწყვეტილების მისაღებად და უმჯობესად მიიჩნიეს, ის პარტიების მიერ შერჩეული წარმომადგენლებისთვის მიენდოთ. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ინსტიტუტი მოძველებული და უსამართლოა და უნდა გაუქმდეს. შესაძლოა, მომავალში ამ საკითხის გადაჭრაც უზენაეს სასამართლოს მოუხდეს.

კომენტარები