არჩევნები 2020

ელისაშვილი: მოლაპარაკებებზე ოპოზიციის ერთიანი პოზიცია, სავარაუდოდ, ხვალ იქნება ცნობილი

droa.ge

პარტია მოქალაქეების თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციაში ხელისუფლების წინაშე დასაყენებელი მოთხოვნების თაობაზე სხვადასხვა აზრები და პოზიციებია, საერთო აზრი კი, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. 

მისივე თქმით, მოლაპარაკებებისთვის მზად არიან, თუმცა, განხილვის საგანი გაყალბებული არჩევნები და ამ მიზეზით გამოწვეული კრიზისი უნდა იყოს.  

"მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, მაგრამ მე, კალაძე, კობახიძე და გრიგოლ ვაშაძე ახალ წელს სად შევხვდებით, მაგაზე კი არ უნდა შევიკრიბოთ, უნდა შევიკრიბოთ იმაზე სალაპარაკოდ, რომ არჩევნები არის გაყალბებული, გაყალბებულმა არჩევნებმა კრიზისი შექმნა, წინ არის მეორე ტურები და რა არის გამოსავალი. დიალოგი კიდევ უფრო დაჩქარდა და ჩვენი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კავკასიაში ის რეალობა შეიქმნა, რაც მივიღეთ. 

ოპოზიციაში სხვადასხვა აზრები და პოზიციებია, მაგრამ. სავარაუდოდ, ხვალ უკვე ოპოზიციას ერთიანი აზრი გვექნება, მოლაპარაკების ჩვენეულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, თუმცა მე მინდა ყველა დავაიმედო, რომ ასე ღვთის ანაბარა არ არის ქვეყანა მიშვებული, მზადდება დისკუსია, მოლაპარაკება, ასევე უარი არ გვითქვამს შაბათს, 3-ზე რუსთაველის საპროტესტო აქციაზე და თუ არ იქნება ხელისუფლება ადეკვატურად განწყობილი, ეს აქციები თავისთავად გაგრძელდება". –ამბობს ელისაშვილი. 

გუშინ, 10 ნოემბერს გამოქვეყნდა გირჩის, ევროპული საქართველოს, ლელოს და სტრატეგია აღმაშენებლის ერთობლივი განცხადება, რომელშიც წერია, რომ მათი პოზიცია მყარია და "გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებენ".

ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ მზად არიან "გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის". ოპოზიციის საერთო შეთანხმებით, პროტესტის შემდგომი ადგილი იქნება აქცია 14 ნოემბერს თბილისში. გარდა ამისა, 21 ნოემბერს, მეორე ტურების დროს, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობს, ცოცხალი ჯაჭვი გაიმართება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ენმ ამ განცხადებას უერთდება.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბრის დილით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად".

ამ განცხადებამ პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ენმ-ს წევრების ცნობით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით "დამატებითი განმარტება" გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს. პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო".

    კომენტარები