არჩევნები 2020

ვაშაძე: სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა

facebook.com/pg/GregoryVashadze.Ge

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე რუსთავი 2-ის ეთერში საუბრობს 10 ნოემბერს თავისივე გაკეთებულ განცხადებებზე, სადაც პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდა. 

მისი თქმით, ფასილიტატორების ჩართულობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის თითქმის მომზადებული დიალოგის დაწყების პროცესი ჩაიშალა და სწორედ ამას მოჰყვა მისი განცხადებებიც. 

"ამ განცხადების გაკეთების ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის, დიპლომატიური წარმომადგენლების, მეთაურების ჩართულობით ჩაიშალა. ყოველდღე და თან არაერთხელ, მე პირადად ვიყავი კომუნიკატორი ოპოზიციიდან, საელჩოებთან ამ საკითხებზე. არ მაქვს ნებართვა, ეს დიპლომატიური წარმომადგენლები დავასახელო, მაგრამ მათ საქართველოზე გული ჩვენზე არანაკლებად შესტკივათ". – აცხადებს ვაშაძე. 

10 ნოემბერს, დილით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად".

ამ განცხადებამ პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ენმ-ს წევრების ცნობით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით "დამატებითი განმარტება" გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს. პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო".

კომენტარები